პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე საუბრისას მმართველ პარტიისა და ოპოზიციის შორის, ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გაიხსენა და განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსები უკომპრომისოები არიან და ზურგს აქცევენ შეთანხმების ყველა მცდელობას.

"30 წელი გავიდა, რაც სახელწიფო აღვადგინეთ, 30 წლის თავზე ქართველებს ისევ გვჭირდება უცხოეთიდან შუამავალი. შუამავალი, რომელიც უზარმაზარ ძალისხმევას დებს, რომ ერთმანეთს გვალაპარაკოს, შეთანხმებამდე მიგვიყვანოს, მაგრამ, არც მას ვუგდებთ ყურს, არც გვადარდებს ხალხი როგორ დღეშია, ქვეყანა როგორ დღეშია და ზურგს ვაქცევთ ყველა მცდელობას ჩვენი შეთანხმების. 30 წლის თავზე ისევ ვაწყდებით ქართველი პოლიტიკოსების უკომპრომისობას", — ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, 30 წლის წინ საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა, თუმცა ქვეყნა ჯერ კიდევ არ არის წარმატებული და ამაზე ზრუნვა ყველას ვალია.

"30 წლის წინ, ორმა დიდებულმა ქართველმა დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ამოცანა შეასრულა. ერთმა ბოლომდე მიიყვანა, ერთმა კი სიცოცხლე გაწირა კიდეც ამისთვის, პრინციპში, ორივემ. მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ შეძლეს და საქართველოსთვის თავგანწირვის ხარჯზე მოიტანეს სახელმწიფოებრივი თავისუფლება.

ახლა, თითოეული ჩვენგანის, ჩემი აზრით, ვალია, ვინც ამ დარბაზში ვსხედვართ, ან ვინც გუშინ იმ დარბაზში ისხდნენ, მეორე მხარეს თუ მესამე მხარეს და რომელსაც არაფრით არ უნდოდა თავის ნათქვამისთვის ფეხის მონაცვლება, ყველას ვალია, რომ მეორე დიდი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ამოცანა შევასრულოთ. ის, რომ გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ, არის წარუმატებელი სახელმწიფო და უნდა შევძლოთ, საქართველო გახდეს უკეთესი ქვეყანა, წარმატებული ქვეყანა და მდიდარი ქვეყანა", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გუშინ, 30 მარტს, ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. ქართულ ოცნებასა ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ.

ნახეთ დოკუმენტი, რომელზე ხელის მოწერაც მხარეებმა არ ისურვეს:

გაეცანით მხარეთა პოზიციებსა და არგუმენტებს: