თუ ცისფერი მთები ნანახი გაქვს, აუცილებლად გემახსოვრება ასეთი სპორტი — მოტობურთი. ალბათ, ვაჟა ზაზაევიჩის აღშფოთებაც გახსოვს — "ცხენბურთი გამიგია, ხელბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია, მაგრამ ეს მოტობურთი რა არის, ვერ გავიგეო". ადამიანთა დიდ ნაწილს მოტობურთი სპეციალურად ამ გენიალური ფილმისთვის მოგონილი სპორტი ჰგონია, თუმცა სსრკ-ში ნამდვილად თამაშობდნენ მოტობურთს. შეხვედრები ცენტრალურ სტადიონებზე ტარდებოდა და ტელევიზიითაც გადაიცემოდა.

მართალია, მოტობურთი ახლა პოპულარობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმაში დასარწმუნებლად, რომ ნაცნობი ელემენტებით ახალი სპორტის შექმნა სრულიად რეალისტურია. და თუ ასეა, იქნებ ყველას შეგვიძლია ახალი სპორტის მოფიქრება?!

რაზე ვსაუბრობთ?

აჭარაბეთმა, როგორც ინოვაციურმა კომპანიამ გადაწყვიტა, საკუთარი მომხმარებლებისთვის საინტერესო გამოწვევა შეეთავაზებინა. სპორტმშენი ახალი პროდუქტია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. მისი დახმარებით შეგიძლია ახალი სპორტის ავტორი გახდე.

პროექტისთვის შექმნილია სპეციალური ვებ პლატფორმა, სადაც მონაწილეები საკუთარ იდეებს ტვირთავენ და ახალი სპორტის მოსაფიქრებლად ინსპირაციას პოულობენ.

თუ ფიქრისას ჩიხში შეხვედი, სპორტკომბაინი ისეთ დაუჯერებელ იდეებს მოგაწვდის, როგორც აუზში საზამთროებით კალათბურთის თამაშია. შეიძლება, სპორტი არ გამოგივიდეს, თუმცა წარმოსახვის უნარს კი ნამდვილად განგივითარებს.

ვინ შეაფასებს მოფიქრებულ სპორტებს?

პროექტს ჰყავს სპეციალური ჟიური, რომელიც კონკურსანტების იდეებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს. ჟიური დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან, მათ შორის სპორტსმენებისგან, კრეატიულ სფეროში მოღვაწე ადამიანებისგან თუ სპორტის ქომაგებისგან.

რა უნდა ვიცოდე?

აპლიკაციების მიღება 19 აპრილის ჩათვლით გრძელდება. ამ ვადის შემდეგ იმ მონაწილეებს დაუკავშირდებიან, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებით შემდეგ ეტაპზე გადავლენ.

საბოლოოდ ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც ფულადი პრიზები
2,000₾, 5,000₾ და 10,000₾ გადაეცემათ. რაც მთავარია, გამარჯვებული სპორტის სახეობაში პირველი ისტორიული ჩემპიონატი ჩატარდება, რომელსაც სპორტის ავტორი სიამაყით დაესწრება.

ასე რომ, ახლავე შეგიძლია ახალ სპორტზე ფიქრის დაწყება. ფულადი პრიზი რომ გვერდზე გადავდოთ, ისტორიაში შესვლის უნიკალურ შანსზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.