პარტია მოქალაქეების ინიციატივაა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე საუბრისას განაცხადა, თუმცა აღნიშნული დარბაზი ასე უკვე 2019 წლიდან იწოდება.

"30 წლის წინ რეფერენდუმის შედეგები საოცარი გამოსვლით სწორედ ამ დარბაზში, ცოტა სხვა ინტერიერის იყო ეს დარბაზი, მაგრამ, ამ დარბაზში წაიკითხა და საქართველოს სახელმწიფოებრივი თავისუფლების აღდგენის დეკლარაცია და აქტი წაიკითხა ზვიად გამსახურდიამ. სწორედ ამ კედლებში, ამ ჭერქვეშ. ამდენად, მე ვფიქრობ და ჩვენი პარტია ფიქრობს, რომ სწორი იქნებოდა, რომ აი ამ დარბაზს, ამ სხდომათა დარბაზს, ქართული სახელმწიფოს პარლამენტის სხდომათა დარბაზს ეწოდებოდეს სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელი", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი. კითხვაზე — თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, მოქალაქეთა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული არ იყო, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზი ზვიად გამსახურდიას სახელობისაა. დარბაზს ეს სახელდება 2019 წელს, ირაკლი კობახიძის ინიციატივით მიენიჭა.