2021 წლის თებერვალში ბრიტნი სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელმაც მილიონობით მაყურებელთან ერთად, როგორც ჩანს, თავად მომღერალზეც ძალიან იმოქმედა.

Framing Britney Spears ამ ამერიკელი პოპვარსკვლავის კარიერას შეისწავლის და გვაჩვენებს, თუ როგორ სასტიკად მოეპყრა მას როგორც მუსიკალური ინდუსტრია, ისე მედია და ოჯახი.

31 მარტს ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს აღწერაში ბრიტნი წერს:

"დოკუმენტური ფილმის მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე და ესეც საკმარისი იყო, რომ თავი ძალიან უხერხულად მეგრძნო იმის გამო, თუ როგორ წარმომაჩენენ... ორი კვირა ვტიროდი... და ხანდახან ახლაც ვტირი", — წერს ის.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრიტნი სპირსი Aerosmith-ის სიმღერაზე Crazy ცეკვავს.

იმავე ტექსტში ის წერს: "ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ სამყაროს შენი სისუსტეები გაუმხილო, რადგან ყოველთვის განმსჯიდნენ... შეურაცხყოფას მაყენებდნენ... და მარცხვენდნენ მედიაში... და დღემდე ასე მექცევიან!"

შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობის ქვეშ იმყოფება — მშობელი განკარგავს მის კარიერას და ფინანსებს. ამ ფაქტის გამო მომღერლის ფანებმა სოციალურ ქსელებში მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) წამოიწყეს, რომლის მომხრეებიც მიიჩნევენ, რომ პოპვარსკვლავის თავისუფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ მკაცრადაა შეზღუდული მამამისის მიერ.

თავისუფლება ბრიტნის — მაინც რა ხდება პოპის პრინცესის თავს

ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ბრიტნი სპირსი აპირებს, სასამართლოს მიმართოს თხოვნით, რათა მამამისს მეურვეობა ჩამოერთვას.