აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები თბილისის შეთავაზებაზე ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ უარს ამბობენ.

როგორც ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის სიტუაცია და ვაქცინაცია კონტროლის ქვეშაა. ამასთან, თბილისის შეთავაზებას მათ "საგარეო ჩარევა" უწოდეს.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, გამოცემა აფსნიპრესი დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს. განცხადებიდან ვკითხულობთ, რომ აფხაზეთი დახმარებას ოკუპანტი ქვეყნისგან — რუსეთისგან ელოდება. მათივე თქმით, მალე ვაქცინაცია რუსული პრეპარატით დაიწყება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა დღეს, 30 მარტს თქვა, რომ ვაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთვება. საუბარია როგორც სამედიცინო პერსონალზე, ისე შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებზე.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაამატა, რომ იმისთვის, რომ ყველა პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან გამარტივებული იყოს, მათთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინის არჩევაში შეზღუდულები არ იქნებიან.