თანასწორობის მოძრაობა აცხადებს, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკუთარი პოლიტიკური სტატუსი უნდა გაიზიაროს და დისკრიმინაციული, ასევე სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ასე ეხმიანებიან ისინი წულუკიანის განცხადებას, სადაც მან ფილმების დაფინანსებაზე ისაუბრა.

"ერთი და იმავე სქესის ადამიანების რომანტიკული ურთიერთობების, გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე ცხოვრების, საზოგადოებრივი წნეხისა თუ დისკრიმინაციული გარემოს აღწერის პროპაგანდად წარმოჩენა, პოლიტიკური ჰომოფობიისა და სიძულვილის გავრცელებული პრაქტიკაა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეა წულუკიანი ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილის და დისკრიმინაციულ ენას იყენებს", — ნათქვამია განცხადებაში.

მათი განცხადებით, სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო ლგბტქი თემის საჭიროებებსა და თანასწორობაზე დაფუძნებული ეფექტიანი პოლიტიკის გატარება, ხოლო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჰომოფობიური დატვირთვის მქონე განცხადებების გაკეთება, კიდევ უფრო ამძიმებს მათ უფლებრივ მდგომარეობას და ახალისებს ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებს.

"ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფილმის პროექტებს აფინანსებს ეროვნული კინოცენტრი შემუშავებული კრიტერიუმებისა და ჟიურის საშუალებით. მინისტრის მსგავსი განცხადებები ზიანს აყენებს ამ პროცესს და აფერხებს საქართველოში შემოქმედებითი თავისუფლების განვითარებას. შემოქმედებითი თავისუფლება კი არის სოციალური, მათ შორის, ლგბტქი საკითხების, კონემატოგრაფში მრავალფეროვნად წარმოჩენისა წარმოჩენის წინაპირობა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

30 მარტს წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ ისეთი ფილმები უნდა დააფინანსოს, რომელიც ახალგაზრდა თაობებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს უნერგავს. ამის შესახებ მან იმედის დილის ეთერში ისაუბრა და ასე უპასუხა წამყვანის კითხვას დაფინანსებაზე.

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, "ისეთ ხელოვანებს, რომლებიც კლიშეებს ანგრევენ ექნებათ თუ არა თეა წულუკიანის მხარდაჭერა?" და მაგალითად ფილმი — And then we danced მოუყვანა. ამაზე წულუკიანმა უპასუხა, რომ თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც "პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს".