2020-ში მსოფლიოს ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტროლების, ბოტებისა და პრორუსული აქტორების დღის წესრიგიც არსებულ რეალობას მოერგო. პანდემიასთან ერთად, თავს დაგვესხა ინფოდემია, რომელმა ყალბი და მანიპულაციური ამბებით წალეკა ჩვენი ყოველდღიურობა.

თუ "მოგონილ" ვირუსზე, დაჩიპვაზე, ფულის ერთეული გაქრობის მცდელობაზე, მასონებისა და ბილგეითის "ბოროტ" ზრახვებზე გსმენიათ, ეს იგი ინფოდემიამ არც თქვენ აგიარათ გვერდი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ინფოდემია ონლაინ და ოფლაინ ინფორმაციის მოზღვავებაა, რომელიც ცრუ ცნობების განზრახ გავრცელების მცდელობებს მოიცავს და მიზნად საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტებას და ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდების ალტერნატიული დღის წესრიგის ხელშეწყობას ისახავს. მცდარი ინფორმაცია და დეზინფორმაცია შესაძლოა ადამიანების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის იყოს საზიანო; გააღრმავოს სტიგმატიზება; ხელი შეუშალოს გამოჯანმრთელების პროცესს; ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომების უგულებელყოფას და ამით შეასუსტოს მათი ქმედითობა და ქვეყნის უნარი, გაუმკლავდეს პანდემიას.

პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მოქმედი ხერხი ვაქცინა, ინფოდემიის შემთხვევაში კი მთავარი იარაღი ცოდნა და სწორი ინფორმაციაა. იმისთვის, რომ მითები და ყალბი ნარატივები არც სამომავლოდ მოგერიოთ, უნდა იცოდეთ, როგორ მოქმედებდა სხვადასხვა აქტორი მთელი წლის განმავლობაში.

მედიის განვითარების ფონდმა შეისწავლა, პანდემიასთან დაკავშირებული მთავარი გზავნილები ტრადიციულ და სოციალურ მედიაში. კვლევაში ინფოდემია 2020 გამოვლენილია ყალბი ინფორმაციის წყაროები, მათ შორის ანტივაქსერული ჯგუფები და ინფორმაციის გავრცელების არხები.

ორგანიზაცია აკვირდებოდა ნაციონალური დაფარვის 16 მედიას, მათ შორის, ტელევიზიებსა და ონლაინმედიებს. ასევე, ფეისბუქის 259 გვერდსა და 69 ჯგუფს. მონიტორინგი 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მონაცემებს ფარავს.

მონიტორინგის შედეგად ტრადიციულ ქართულენოვან მედიაში ინფოდემიასთან დაკავშირებით 5 ძირითადი თემა გამოიკვეთა:

  1. პანდემიის/კორონას უარყოფა და სხვა კონსპირაციები კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ;
  2. ანტივაქსერული განწყობები;
  3. რუსეთი/ჩინეთი დასავლეთის საპირწონედ;
  4. რელიგია და იდენტობა;
  5. დიაგნოსტიკა, რეგულაციები, სხვა.

აღნიშნული ხუთი კატეგორიიდან პანდემიისა და კორონავირუსის უარყოფის, ასევე კოვიდის წარმომავლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა კონსპირაციები დომინირებს.

ფოტო: MDF

გარდა ამისა, გამოიკვეთა 3 ძირითადი ინტერესთა ჯგუფი (პოლიტიკური, ანტილიბერალური, ეკონომიკური), რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას ან მცდარ ნარატივებს სისტემატიურად ავრცელებდა. ორგანიზაციის განცხადებით, ანტივაქსერები როგორც პოლიტიკურ, ასევე ანტილიბერალურ ჯგუფებში გვხვდებიან, თუმცა ნაწილობრივ ამ ჯგუფებისგან განყენებულადაც არსებობენ და მეტწილად სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ფეისბუქჯგუფებში აქტიურობენ. ამასთანავე, მათი აქტივობა სოციალურ ქსელებში ეტაპობრივად კრემლისტური მედიის ინტერესის სფეროში მოექცა, რადგან წლის ბოლოს პოლიტიკურ საკითხებზე მეტად ეს პლატფორმები ანტივაქსერების პოზიციების ტირაჟირებას სულ უფრო მეტად უთმობდნენ ადგილს.

პანდემიის უარყოფა და სხვა კონსპირაციები

ორგანიზაციის განცხადებით, ამ კატეგორიაში დომინირებდა მოსაზრება, რომ პანდემია ბლეფია, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკა — გაზვიადებული. კორონავირუსი წარმოჩენილი იყო, როგორც გლობალური კონტროლისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მიზნით თავსმოხვეული მოვლენა, რომელიც ხელოვნურად შექმნილია და ხელოვნურად ვრცელდება.

შემდეგ ადგილებზეა კონსპირაციები იმის შესახებ, რომ ამერიკელები თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრში საეჭვო ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ კოვიდი ადრეც არსებობდა და პანდემია დაგეგმილი იყო. ბოლო ადგილზე კი არის გზავნილი, რომელიც ამკვიდრებს აზრს, რომ პანდემია ფინანსური ინტერესებით არის განპირობებული და არა ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციით.

კვლევაში აღნიშნულია, რომ კონსპირაციებს პანდემიის არარსებობის, ან მისი ხელოვნური წარმომავლობის შესახებ, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში საეჭვო ექსპერიმენტების ჩატარების თაობაზე, მედიებიდან ყველაზე ხშირად კრემლთან დაკავშირებული ონლაინ გამოცემები – საქართველო და მსოფლიო (Geworld.ge), News Front საქართველო და საქინფორმი ავრცელებდნენ. ამასთანავე მსგავსი გზავნილებს გამოავლინეს პრორუსულ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ ტელეკომპანია ობიექტივში და გაზეთ ასავალ-დასავალში.

კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის საბაბად კრემლისტური გამოცემა ნიუსფრანტი მასონთა გეგმებს, ხოლო გაზეთი ასავალ-დასავალი მონღოლოიდური რასის მამაკაცების განადგურების განზრახვას ასახელებდა.

ფოტო: MDF

გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, რომ ვირუსის ხელოვნურად წარმომავლობის და გლობალური კონტროლის შესახებ კონსპირაციებს სასულიერო პირები, ასევე კრემლთან დაკავშირებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ავრცელებდნენ.

ანტივაქსერული განწყობები

ანტივაქსერული განწყობების დომინირება ქვეყანაში დღემდე პრობლემურია. თავის მხრივ ეს განაპირობებს ვაქცინისადმი დაბალ ნდობას და მიმართვიანობას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს განწყობები, განსაკუთრებით კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების შემდეგ გაძლიერდა და ყველაზე მეტად საზოგადოება, მედია და სასულიერო პირები გამოხატავდნენ. ამასთანავე, ისინიც, ვინც ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, რუსული ვაქცინის უპირატესობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრიზმიდან განხილვაზე მეტყველებს და ყველაზე მკაფიოდ კრემლთან დაკავშირებული მედიების შემთხვევაში გამოვლინდა.

დომინირებდა შემდეგი მოსაზრებები:

  • ვაქცინაცია ჩიპიზაციას და მოსახლეობის დეპოპულაციას ისახავს მიზნად, რასაც მეტწილად ბილ გეიტსს მიაწერდნენ;
  • ვაქცინებს/პრეპარატებს მესამე ქვეყნებზე ცდიან;
  • ვაქცინა დნმ-ს ცვლის;
  • ვაქცინაციის იძულება ადამიანის თავისუფალი ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს;
  • ვაქცინაცია სარისკოა და მას სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს და სხვა.

მედიებიდან ყველაზე მეტად ამ შემთხვევაშიც კრემლთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული გამოცემები – საქართველო და მსოფლიო, ნიუსფრანტი, ობიექტივი და საქინფორმი აქტიურობდნენ. ამასთანავე, საერთო ანტივაქსერული განწყობების ფონზე, რუსული ვაქცინის უპირატესობის დასაბუთებას ყველაზე მეტად საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი და ნიუსფრანტი ახდენდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სასულიერო პირებიდან რუსული ვაქცინის, როგორც ალტერნატივის შესახებ გაკეთებული ერთადერთი განცხადება იმავე მღვდელს ეკუთვნის, რომელიც დასავლეთში შემუშავებულ ვაქცინას საფრთხედ და ექსპერიმენტების ჩატარების ინსტრუმენტად განიხილავდა.

ფოტო: MDF

რუსეთი / ჩინეთი vs დასავლეთი

კვლევაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის სახელისუფლებო გამოცემა სპუტნიკის მსგავსად, კრემლისტური ქართული მედია საშუალებებიც ქმნიდნენ დიქოტომიას, რომლის ერთ მხარეზე პანდემიასთან გამკლავებაში დაწინაურებული რუსეთი და ჩინეთი იდგნენ, რომლებიც სხვა ქვეყნებს, მათ შორის იტალიას, დახმარების ხელს უწვდიდნენ; მეორე მხარეს კი დასავლეთი, რომელიც არც სხვა ქვეყნების მიმართ იყო სოლიდარული და არც პანდემიასთან გამკლავების უნარი შესწევდა. თანხვედრა იყო სპუტნიკის იმ გზავნილებთანაც, რომელთა თანახმად, პანდემია ნატოში ინტეგრაციას აფერხებს, ხოლო ევროკავშირის ერთიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ამასთანავე ნატო, კოვიდით ინფიცირების კერად განიხილებოდა.

ფოტო: MDF

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ საგარეო პოლიტიკური ორიენტირების მიხედვით პანდემიის საკითხის წარმოჩენა გამოცემა საქართველო და მსოფლიოში დომინირებდა, რომელსაც საქინფორმი და ობიექტივი მოსდევენ.

ფოტო: MDF

რელიგია და იდენტობა

კორონავირუსმა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად რელიგია აქცია. ეკლესია პირველი ტალღის დროსაც და დღემდეც რეკომენდაციების მორჩილებით არ გამოირჩევა და მეტიც, სასულიერო პირების ნაწილი ანტივაქსერულ განწყობებს ახალისებს.

ანგარიშს მიხედვით, რელიგიის თემატიკაში დომინირებდა მოსაზრება, რომ ლიბერალები ეკლესიას და რელიგიას ებრძვიან, რაც პანდემიის დროს რელიგიურ დღესასწაულებზე ლიტურგიის ჩატარებას და საერთო კოვზით ზიარების წესის გამო გამოთქმულ კრიტიკას უკავშირდებოდა. ორგანიზაციის განცხადებით, როგორც სასულიერო პირების, ასევე მედიის მხრიდან მკვიდრდებოდა აზრი, რომ კორონავირუსისგან დაცვა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ხოლო თავად კოროვირუსი ადამიანური ცოდვების გამო ღვთიურ სასჯელად იყო წარმოჩენილი.

"სასულიერო პირები, ერთი მხრივ, ამკვიდრებდნენ მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ღვთის სასჯელია, ხოლო მეორე მხრივ, საუბრობდნენ იმაზე, რომ ვირუსისგან ხსნა მხოლოდ რწმენას და ეკლესიას შეუძლია და მათ, ვინც ერთი კოვზით ზიარების წესის გადახედვას და ლიტურგიის წესის შეცვლას ითხოვს, მკრეხელობის გამო უნდა მოეკითხოთ", — ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვას, როგორც ქართული მარში (ირანთან და ჩინეთთან), ასევე ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, პრეზიდენტი სააკაშვილი (ჩინეთთან) ითხოვდა. ამასთანავე, ქართული მარშის ლიდერი კორონავირუსს ღვთის სასჯელად იმ ცოდვების გამო განიხილავდა, რომელიც ლიბერალიზმს და დასავლური ცხოვრების წესს მოაქვს.

ფოტო: MD

დიაგნოსტიკა, რეგულაციები, სხვა

კვლევის მიხედვით, სხვა კატეგორიებთან შედარებით მცირე იყო დიაგნოსტიკასთან და რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები. ამ კატეგორიაში ყველაზე მეტი განცხადება პირბადეების და რეგულაციების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კატეგორიაში პირბადეების შემთხვევაში მხოლოდ მისი ტარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული კომენტარები მოხვდა და არა კონსპირაციული განცხადებები, რომლებიც პირბადეებს დამონებისა და გლობალური კონტროლის სიმბოლოდ განიხილავდა, რაც კორონას უარყოფისა და სხვადასხვა კონსპირაციების ნაწილშია გაერთიანებული. მოსაზრებებს, რომ ტესტირება დიაგნოსტირების არასაიმედო მეთოდია, ასევე ახლდა მედიით გამოთქმული შეფასებები, რომ დიაგნოსტირების პროცესში ლუგარის კვლევითი ცენტრის როლი გადაჭარბებულად ფასდებოდა და რომ ის ჩვეულებრივი ლაბორატორია იყო.

ამავე კატეგორიაში "სხვადასხვაში" მოხვდა შიდაპოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებული გზავნილები, თითქოს ოპოზიციის, კერძოდ პატრიოტთა ალიანსის წევრების კოვიდით მოწამვლა იგეგმება, ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები, რომ კორონავირუსის გავრცელებას ოპოზიცია უწყობდა ხელს.

რუსეთის სახელისუფლო მედია საშუალების – სპუტნიკის გზავნილები

ანგარიშში მოცემულია საქართველოში მოქმედი რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული სპუტნიკის ოთხი სხვადასხვა პლატფორმის მონაცემები. ესენია: ქართულენოვანი sputnik-georgia.com და რუსულენოვანი sputnik-georgia.ru, sputnik-ossetia.ru, sputnik-abkhazia.ru. უკანასკნელი ორი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ოპერირებს. მათი მონაცემები კვლევაში ერთიანადაა წარმოდგენილი.

პანდემიის საკითხს სპუტნიკი ძირითადად პოლიტიკურ ჭრილში აშუქებდა, რაც რუსეთის ხელისუფლების დღის წესრიგთან იყო თანხვედრაში და როგორც შერჩეულ სათაურებში, ასევე გზავნილებში ვლინდებოდა.

ფოტო: MDF

გამოცემა, ერთი მხრივ, რუსული ვაქცინისთვის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას მისი პოპულარიზაციისა და დასავლური ვაქცინების წარუმატებლობისა და არასაიმედოობის წარმოჩენის გზით ახდენდა, მეორე მხრივ, დასავლეთისა და დასავლური ინსტიტუტების მომავლისადმი ზოგად სკეპსისს ნერგავდა.

ფოტო: MDF

სპუტნიკი ცდილობდა კორონავირუსი ხელოვნურად გავრცელებულად წარმოეჩინა, განსაკუთრებით ამერიკელების ბიოლოგიური ექსპერიმენტის შედეგად და ამ ყველაფერს ლუგარის ლაბორატორიასთან აკავშირებდა. გარდა ამისა, სპუტნიკ-ოსეთი ავრცელებდა, ინფორმაციას საქართველოდან ინფიცირების საფრთხეზე და ხაზს უსვამდა, რომ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს დახმარება არ სჭირდება.

პოლიტიკური, ანტილიბერალური და ანტივაქსერული ჯგუფები

ანგარიშში განხილული არის ის წყაროები და აქტორები, რომლებსაც ინფოდემიის პროცესში კრემლი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებდა.

მონიტორინგით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ყალბი ანგარიში, რომლის სამიზნე ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი იყო, Lasha Modebadze-ა, რომლის თავდაპირველი პროფილი ფეისბუკმა რამდენჯერმე წაშალა. Lasha Modebadze-მ ბოლო ფეისბუქანგარიში 2021 წლის 18 იანვარს შექმნა, ხოლო პირველის url მისამართში სახელი გიო ირემაძე ფიგურირებდა.

ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა, ეს გვერდი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ერთ-ერთ აქტიურ რესპონდენტს და კრემლისტური პატრიოტი TV-ს დამფუძნებელსა
და ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის პრეზიდენტს გიორგი ირემაძეს უკავშირდებოდეს. კონსპირაციებს კორონავირუსის ლუგარის ლაბორიტორიასთან კავშირის შესახებ კი როგორც ირემაძე, ასევე ლაშა მოდებაძის პროფილი აზიარებდა.

ფოტო: MDF

"წინა პროფილების წაშლამდე Lasha Modebadze-ის ანგარიში რამდენიმე ანტივაქსერული ჯგუფის ერთ-ერთი ადმინი იყო, მათ შორის STOP 5G Georgia!!!-ის, რომელიც დღეის მონაცემებით წაშლილია. მოდებაძის ძველი პროფილი ასევე მართავდა ამჟამად მოქმედ ჯგუფებს: კორონა მაფია და კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა.

დღესდღეობით კი ის 2021 წლის 23 იანვარს შექმნილი ახალი ჯგუფის პლუტოკრატია და ახალი მსოფლიო წესრიგი ადმინისტრატორია. Lasha Modebadze-სვე უკავშირდება კიდევ სხვა ანგარიშები: ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები, რომელიც აქტიურ ინტერაქციაშია მოდებაძესთან, როგორც პოსტების გაზიარების, ასევე კომენტარების დატოვების მხრივ; ასევე ბოლო ჟამია იფხიზლეთ და НАРОДНЫЕ СОВЕТЫ СССР, სადაც აქტიურად ზიარდება მისი პოსტები", — წერია ანგარიშში.

ფოტო: MD

მონიტორინგის მიხედვით, ანტილიბერალ ჯგუფებში ძირითადად მღვდლები და სხვადასხვა ფეისბუკ გვერდები და ჯგუფები აქტიურობდნენ. სასულიერო პირებიდან ყველაზე აქტიური დავით ისაკაძე იყო. ამავე კატეგორიაში მოხვდა 11 ფეისბუქგვერდი, 3 ინდივიდუალური ანგარიში (პარტია ქართული იდეის ლიდერი ლევან ჩაჩუა და ორგანიზაცია ერი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე, რელიგიური ჟურნალ ქვაკუთხედის რედაქტორი ხათუნა საღინაშვილი) და 5 ფეისბუქჯგუფი, რომელთაგან 1 წაშლილია.

გარდა ამისა, გამოვლინდა 20 ქლიქბეიტ საიტი, რომელიც კორონავირუსზე ცალკეულ დეზინფორმაციებს ავრცელებდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 20-დან 8 შემთხვევაში დომეინი ან IP მისამართი რუსეთშია რეგისტრირებული, 5 საბირ ქიარიმოვის სახელზეა რეგისტრირებული, IP მისამართით გერმანიაში, თუმცა, არცერთი მათგანი ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 20-დან 13 საიტი 2020 წელს არის რეგისტრირებული.

რაც შეეხება ანტივაქსერულ ჯგუფებს, ყველა მათგანის სახელწოდებაში პანდემია ან კორონავირუსი არ ფიგურირებს, ზოგიერთი ეპიდემიამდე არის შექმნილი, თუმცა მოგვიანებით სახელი აქვს შეცვლილი. მაგალითად, ეროვნული ყრილობა ძალაუფლება ხალხს, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, 2020 წელს კორონა მაფიად გადაკეთდა. ასევე, 2020 წელს შექმნილი გვერდი ვერ ვსუნთქავთ! არა ექსპერიმენტულ ვაქცინას! 1 თვეში საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის! გვერდად გადაკეთდა.

ფოტო: MDF

"ამასთანავე ზოგიერთი ჯგუფი, რომელსაც ანტივაქსერი მართავს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებითაც აქტიურობს და მხოლოდ პანდემიის თემებით არ შემოიფარგლება. ზოგიერთი ჯგუფის ადმინისტრატორებსა და მოდერატორებს შორის კი ყალბი ანგარიში – ტროლი ფიგურირებს, მათ შორის ისეთი ანგარიში, რომელიც ცალკეულ სერვისს უკავშირდება (მაგალითად, ბიზნეს კლასის მიკროავტობუსით მომსახურება, რომელიც ანტილიბერალური ჯგუფებისა და ანგარიშების პოსტებს აზიარებს", — წერია ანგარიშში.

ფოტო: MDF

გარდა ამისა, მონიტორინგით გამოვლინდა 30 ყალბი პროფილი, რომელთაგან 7 თავად არის ცალკეული ანტივაქსერული ჯგუფის ადმინისტრატორი, ხოლო დანარჩენი 23 ანტივაქსერულ პოსტებს მხოლოდ აზიარებს ან აკომენტარებს. 3 ყალბი ანგარიში პროფილის ფოტოდ სხვის იდენტობას იყენებს, ხოლო 4-ს url მისამართში სხვა ადამიანის იდენტობა აქვს მითითებული, 1-ს კი ასეთი მისამართი გაუქმებულ პროფილზე ჰქონდა, რაც იმის ნიშანია, რომ url ბმულში შესაძლოა პირის რეალური იდენტობა, ან დამატებით სხვა იდენტობა იკითხებოდეს. ყალბი ანგარიშებზე ინფორმაციის დეტალურად ნახვა შეგიძლიათ აქ.