პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანიას განცხადებით, ის ელოდება, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ დაპირებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

"ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ ის დადებს დოკუმენტს და ეს იქნება ევროკავშირის პოზიცია, როგორ ხედავს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას. ჩემთვის იქნება ძალიან საინტერესო, ვინ მოაწერს ამ დოკუმენტს ხელს და ვინ — არა.

აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტკური პარტიები, ვინც ამ დოკუმნეტს ხელს მოაწერენ. ამიტომ ველოდები, რომ თუ ყველამ არა, ნაწილი პოლიტიკური პარტიების მოაწერს ამ დოკუმენტს ხელს, იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნებაც მოაწერს ხელს და მათ ვიხილავთ პარლამენტში", — განაცხადა იოსელიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მიშელის წარმომადგენელი პოლიტიკურ პარტიებს 29 მარტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ 30 მარტს, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ საერთო შეხვედრაზე წარადგენს დოკუმენტს, რომელსაც შეთანხმების შემთხვევაში მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.