რასელ ქროუს, რომელმაც მაყურებლებს თავი ფილმებით Gladiator და A beautiful Mind დაამახსოვრა, თორის სერიის მეოთხე ფილმში — Thor: Love and Thunder-ში ვიხილავთ. ოსკაროსანი მსახიობი ფილმში სხვა ვარსკვლავებთან — კრის ჰემსვორტთან, ნატალი პორტმანთან და კრისტიან ბეილთან ერთად ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის როლს მოირგებს ოსკაროსანი მსახიობი. ფილმში რასელ ქროუს მონაწილეობა, წესით, გულშემატკივრებისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი ავსტრალიაში, ფილმის გადაღებებზე სხვა მსახიობებთან ერთად შენიშნეს, გამოცემა Deadline-მა ფილმში მსახიობის მონაწილეობა დაადასტურა.

მეოთხე ნაწილში კიდევ ერთხელ ვიხილავთ მეტ დეიმონს, ლუკ ჰემსვორტსა და სემ ნილს, რომლებიც მანამდე Thor:Ragnarok-ში გამოჩნდნენ.

Thor: Love and Thunder-ის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტია. ახალი ფილმის შინაარსის შესახებ დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა. თორის მეოთხე ნაწილის პრემიერა 2022 წლის 6 მაისს შედგება.