ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, აბდრი ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში შეფერხება ყოველთვის ქართული ოცნების პოზიცია იყო.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებმა თქვეს, რომ მათი ამოცანაა ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან, მათი ამოცანაა, რომ დაიწყოს ინსტიტუციების რეფორმირება, დამთავრდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, დამთავრდეს კონტროლირებადი სასამართლო, დამთავრდეს კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს არის სწორედ ჩვენი მიზანიც. ამიტომ, ჩვენი მიზანი ემთხვევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიზნებს აბსოლუტურად. აქ შეფერხება ყოველთვის იყო ქართული ოცნების პოზიცია, რომელსაც არ უნდა არანაირი ცვლილებები, შესაბამისად შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის, რომ ქართული ოცნება დაეთანხმოს აუცილებელ ცვლილებებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მიშელის წარმომადგენელი პოლიტიკურ პარტიებს დღეს, 29 მარტს ხვდება.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.