ჯერ კიდევ ანტიკურ ლიტერატურაში თუ ისტორიულ ძეგლებში ვხვდებით ამბებს ომით დაღდასმულ ჯარისკაცებზე, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში კოშმარებს ებრძოდნენ. ჯარისკაცების უმეტესობისთვის შეუძლებელი იყო ომის შემზარავი გამოცდილების გადატანა — მათ მუდმივად ომის ლანდი სდევდათ თან და გადატანილ ტრაგედიას ხელახლა, მთელი სიცხადით განიცდიდნენ.

მე-19 საუკუნეში, ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში ამ მდგომარეობას "ჯარისკაცის გულს", "მყიფე გულს", "მზის დაკვრას" თუ "ნოსტალგიასაც" კი უწოდებდნენ. მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობას, რასაც დღეს პოსტტრავმული სტრესის აშლილობის სახელით ვიცნობთ, ფაქტობრივად არ მკურნალობდნენ.

PTSD-ის აღმოჩენა და შესწავლა ომის მაგალითზე დაიწყო, თუმცა თანამედროვე სამედიცინო გაგებით, ეს მდგომარეობა სამოქალაქო ცხოვრების სხვადასხვა ტრავმული გამოცდილების შედეგიც შეიძლება იყოს. პოსტტრავმული სტრესის გამომწვევ მიზეზად მძაფრი ნეგატიური გამოცდილებები სახელდება, როგორიც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, კონფლიქტური სიტუაციების გადალახვა, გადატანილი ოპერაცია, სხეულის დაზიანება, სექსუალური ძალადობა და სხვა შემთხვევებია. მკურნალობის მეთოდებიც იხვეწება და ვითარდება. ეს ერთი საუკუნის წინ ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო.

"ჭურვის შოკი"

პირველი მსოფლიო ომის სისასტიკე იქამდე არსებულ კონფლიქტებს ბევრად აღემატებოდა და პოსტტრავმული სტრესიც ბევრად მეტ ჯარისკაცში გამოვლინდა. იმის აუცილებლობაც დადგა, რომ განკურნებაზე ეზრუნათ, თუმცა ამ უხილავი ჭრილობების შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. სამხედრო სამედიცინო დახმარების მთავარი მიზანი ჯარისკაცების სწრაფი გაჯანსაღება და მათი ფრონტზე დაბრუნება იყო. ტრავმა აფეთქებების გავლენას მიაწერეს და გონების დაზიანებით ახსნეს. მდგომარეობასაც ახალი სახელი — ჭურვის შოკი უწოდეს. მკურნალობის მეთოდები არასწორი და არაჰუმანურიც კი იყო: ომის კოშმარით დაღდასმულ ჯარისკაცებს მცირე ხნით არიდებდნენ ფრონტს და მათ ჰიდროთერაპიით თუ ელექტროთერაპიით, იგივე ელექტროშოკის დახმარებით მკურნალობდნენ. გამოიყენებოდა ჰიპნოზის მეთოდიც.

კადრები საომარი არქივიდან: "ჭურვის შოკის მსხვერპლის გამოჯანმრთელება".

"ფსიქიატრიული კოლაფსი"

მეორე მსოფლიო ომის მოახლოებამ წინა შემთხვევის საზიანო გავლენაზე საუბარი გაააქტიურა და მკურნალობის უნაყოფო მეთოდებიც გადააფასა, ამიტომ მდგომარეობა "ფსიქიატრიულ კოლაფსად" შეფასდა და მკურნალობის ხერხები ახალი, არანაკლებ ფუჭი მიდგომებით ჩანაცვლდა. იმ დროისთვის გავრცელებული კიდევ ერთი ტერმინი — "საბრძოლო დაქანცულობა" მილიონზე მეტი ჯარისკაცის ფრონტიდან გაწვევის მიზეზი გახდა, რაც გაწვევათა 40%-ს შეადგენდა. ჯარისკაცებს პრიმიტიული მეთოდით, სოდიუმის ამიტალით მკურნალობდნენ, რაც ვეტერანთა მძიმე მდგომარეობას ვერაფრით ამსუბუქებდა, მათ დიდ ნაწილს ტრავმა ცხოვრების ბოლომდე გაჰყვათ.

"უხეში სტრესული რეაქცია"

ფოტო: Tom Sperduto

1952 წელს, ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციამ მენტალური აშლილობების დიაგნოსტირებისა და სტატისტიკის გზამკვლევის პირველი გამოცემა გამოაქვეყნა, რომელშიც პოსტტრავმული სტრესი "უხეში სტრესული რეაქციის" სახელით შევიდა. მომდევნო შესწორებაც ნაკლული იყო და ითვალისწინებდა მხოლოდ სამ გამომწვევ მიზეზს: სუიციდური ფიქრებით მიმდინარე არასასურველ ორსულობას, სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებულ შიშებს, და სიკვდილმისჯილ პატიმრებში გამოვლენილ გენსერის სინდრომს.

1980 წელს, PTSD ამ გზამკვლევის მესამე, ჩასწორებულ გამოცემაში შევიდა და სტრესის შესწავლა ვიეტნამის ომგამოვლილი ჯარისკაცების, ჰოლოკოსტს გადარჩენილთა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და სხვა დაზარალებული ადამიანების ჩართულობით გახდა შესაძლებელი. ომის ტრავმებსა და სამოქალაქო ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს შორის პარალელები და თანაბარი საზიანო გავლენები საბოლოოდ დადასტურდა.

დამატებითი შესწორებების მიღწევა ის იყო, რომ სტრესი შფოთვითი აშლილობის კატეგორიაში აღარ მოიაზრებოდა. PTSD ხასიათის ცვლილებით არ განისაზღვრება, ბევრად აშკარა სიმძაფრით ხასიათდება, ამიტომ ის ცალკე, ტრავმული და სტრესული აშლილობების კატეგორიაში გადის.

მიკროაგრესია, როგორც PTSD-ის წყარო

ფოტო: Tom Spreduto

PTSD-ს დღევანდელი გაგება ბევრად ინკლუზიურია და მისი გამომწვევი მიზეზებიც ბევრად ფართო. სინდრომის მკურნალობის გზები მუდმივად იხვეწება, საუბარი იმაზეც მიმდინარეობს, რომ სტრესის გენეტიკური დამემკვიდრებაც შესაძლებელია, თუმცა მიზეზები ძირითად შემთხვევაში მაინც მძიმე სტრესულ გამოცდილებას გულისხმობს. არადა, ხანგრძლივად მიმდინარე აგრესიის მცირე გამოვლინებები: რასისტული მიდგომები, ჰომოფობიით გაჯერებული გარემო, ეთნიკური დაძაბულობის კერები და სხვა სტრესული ფაქტორები, რომლებიც ხშირად მიკროაგრესიის სახით ვლინდება, შეიძლება ტრავმის გამომწვევი მიზეზი გახდეს. მუდმივი დაძაბულობა ადამიანში სხვა მენტალური პრობლემების გარდა პოსტტრავმულ სტრესსაც ამძაფრებს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებას ნეგატიურად მუხტავს, რაც გონებაში დალექვას და გარდამტეხ მომენტში აფეთქებას იწვევს.

კორონავირუსი და PTSD

სპეციალისტები კორონავირუსისა და PTSD-ის კავშირზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ აშლილობა ბევრად უფრო მწვავედ შეიძლება გამოვლინდეს, ვიდრე 2003 წელს გავრცელებული SARS-ის დროს იყო (ვირუსგადატანილი პაციენტების 47.8%-ს პოსტტრავმული სტრესის ნიშნები გამოუვლინდა).


ტრავმული გამოცდილების გარდაუვალი შედეგი სინდრომის ჩასახვა არ არის, შეიძლება სტრესის ნიშნები მოგვიანებითაც გამოვლინდეს. მდგომარეობის კონტროლი სპეციალისტთან ვიზიტით, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით არის შესაძლებელი. ამ გზით ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნებასაც თავისუფლად შეძლებთ.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.