თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის დისკურსში ხშირად შევხვდებით ანტიმუსლიმურ სენტიმენტს, რომელიც ხან კარზე ღორის თავის მიჭედებით შემოიფარგლება, ხანაც ფიზიკურ ძალადობამდეც კი მიდის. ამ უკანასკნელის მაგალითი 2021 წლის იანავარში სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების დროსაც ვიხილეთ.

საღი აზრი იმას გვკარნახობს, რომ გაუთავებელი ეთნოკონფლიქტებისა და შუღლის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიები საბოლოოდ უნდა აღმოფხვრილიყო და ქართველი ერის ფორმირების პროცესში ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების უდიდესი მნიშვნელობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაგვეთავისებინა. თუმცა, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ულტრანაციონალისტური ორგანიზაციები ქვეყანაში დღესაც აქტიურობენ, პროპაგანდას ეწევიან (როგორც წესი, ანტიისლამური ხასიათის), ერთმანეთს ნაცისტურ ყაიდაზე ესალმებიან და ღიად მარშირებენ კიდეც.

ფოტო: ინტერნიუსი

ყველაზე თვალშისაცემი ამ მოძრაობათაგან "ქართული მარშია", რომელიც 2017 წელს დაარსდა და ალექსანდრე ბრეგაძის ხელმძღვანელობით დღეს უკვე პოლიტიკურ პარტიადაც კი გარდაიქმნა.

ზიზღის მქადაგებელი ეს ჯგუფები უარყოფით ემოციებთან ერთად გაურკვევლობასაც აღძრავენ. აი, მაგალითად, 2017 წლის 14 ივლისს გამართული მსვლელობისას "ქართული მარშის" წევრები საქართველოში არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უცნაური ამ ამბავში ისაა, რომ საქართველოში იმიგრაცია ძალიან დაბალია — ის, ფაქტობრივად, არარსებულია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ამჟამად მიგრანტთა კრიზისს განიცდიან. რიცხვი კიდევ უფრო მცირდება, როცა არალეგალებზე ვსაუბრობთ. ამასთან, სრული კონტექსტისთვის ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უამრავი ოჯახი, უდედოდ ან უმამოდ დარჩენილი, დასავლეთში წასული ქართველი მიგრანტების ხარჯზე საზრდოობს.

რატომ არის პარადოქსული, რომ "ქართული მარშის" სიმბოლო დავით აღმაშენებლის დროშაა

ნაცისტურ ჯგუფთა უცნაურ მესიჯებს კიდევ უფრო დამაბნეველს ხდის "ქართული მარშის" სიმბოლო, დავით აღმაშენებლის დროშის რეკონსტრუქცია — შავ ფონზე გამოსახული ორ ფეხზე მდგარი რქოსანი თეთრი ცხენი, რომელიც წმინდა გიორგის ჯვრისკენაა მიმართული.

ფოტო: Wikimedia Commons

ეთნონაციონალიზმი, რომლის მიმდევარიც "ქართული მარში" და ქართველი ნაციონალისტების აბსოლუტური უმრავლესობაა, ურთიერთსაპირისპირო დებულებების იდეოლოგიას წარმოადგენს. ის ეთნოსს ერთან, ნაციასთან აიგივებს. არადა, ეს ორი ცნება, რეალურად, განსხვავებული არსის მქონეა. ამის გათვალისწინებით ის ფაქტი, რომ ამ იდეოლოგიის მიმდევრებმა სიმბოლოდ დავით აღმაშენებლის დროშა აირჩიეს, ნაკლებად გასაკვირი ხდება.

საქართველოს სახელწიფოებრიობის აკვანი ქართლია, რომლის ეტიმოლოგიაც ქართველური ტომის, ქართუს (იმავე კარდუხების) სახელწოდებას უკავშირდება. სწორედ ამ პატარა ტერიტორიიდან დაიწყო ქართულმა სახელმწიფომ გაფართოება. იგი მცირე ტომებად დანაწევრებული მოდგმის ხალხში ჩაისახა და ერთგვარ გამაერთიანებელ ძალად იქცა, რომელიც დაპყრობების მაგივრად, საქართველოს გარედან მომდინარე საფრთხის ხარჯზე ფართოვდებოდა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. თავისი სიძლიერის მწვერვალს კი საქართველომ სწორედ შუა საუკუნეებში მიაღწია, როდესაც უამრავი კონფესია, ეთნოსი და კულტურა გააერთიანა თავის თავში.

დავით IV-ის ფრესკა შიომღვიმის მონასტერში.

ფოტო: Wikimedia Commons

ისტორიული ცნობების თანახმად, საქართველო უცხო კულტურების მიმართ მიმღებლობას შუა საუკუნეებამდეც ავლენდა. თუმცა უკვე მე-12 და მე-13 საუკუნეებში ის იმდროინდელ სამყაროში იმ მულტიეთნიკურ, მრავალფეროვან სახელმწიფოთა სიაში მყარად ჩაეწერა, სადაც უამრავი აღმსარებლობის ადამიანი თანაცხოვრობდა. ამგვარი ტრანსფორმაცია ბუნებრივი იყო, რადგან იმ დროს ქვეყნის საზღვრები მთელ რეგიონს მოიცავდა და ადგილობრივი ეთნოსებიც ერთ სახელმწიფოში ექცეოდნენ. თუმცა ისიც ცალსახაა, რომ ასეთი ქართული სახელმწიფო დავით აღმაშენებლის ჩანაფიქრი იყო, რაც მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში ვლინდებოდა. ამის მაგალითია ის, რომ მისი მეფობის დროს ებრაელებს და მუსლიმებს გადასახადები შეუმცირდათ, რისი მიზანიც უცხოელი ვაჭრების მოზიდვა იყო.

თუმცა ეს პრივილეგია და უცხოს მიმართ ლმობიერი მოპყრობა მხოლოდ გადასახადების შემცირებაში არ გამოვლენილა. დავითი ეპოქისთვის უჩვეულო ტოლერანტობით უდგებოდა არაქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლებს. მან თბილისის აღების შემდეგ მუსლიმთა უბანში ღორის დაკვლა აკრძალა და თავის შვილ დემეტრესთან ერთად პარასკეობით მუსლიმთა ლოცვებსაც კი ესწრებოდა, რის შემდეგაც დიდ სიმდიდრეს სწირავდა მეჩეთს. ამასთან, თუ თბილისელი მუსლიმი ქალაქის დატოვებას გადაწყვეტდა, დავითი მგზავრობისთვის ფულს გამოუყოფდა.

არაბი ისტორიკოსი, იბნ–ალ–ჯაუზი დავითის ქმედებების შემხედვარე გაოცებას ვერ მალავს და წერს, რომ ქართველთა ხელმწიფენი უკეთესად ეპყრობიან მუსლიმებს, ვიდრე თავად მუსლიმთა მეფეები.

ეროვნულობის ილია ჭავჭავაძისეული ხედვა

ქართული ეთნონაციონალიზმისთვის სათაყვანო პირებს შორის მხოლოდ ქართველი მონარქები არ მოხვედრილან. ქართველთა უდიდესი და უცხო კონფესიების მიმართ ყველაზე ტოლერანტული მეფის გვერდით, ისლამურ სამყაროსთან ბრძოლის სიმბოლო ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძეც ხდება ხოლმე. ეს მეტწილად მისი ცნობილი ფრაზით, "ენა, მამული, სარწმუნოება", არის განპირობებული. თუმცა ამ შემთხვევაშიც ადამიანის აღმსარებლობის მიმართ ილიას შეხედულებები სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც ეთნონაციონალისტები მისი სახელით ქადაგებენ.

ფოტო: Wikimedia Commons

"არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა", — წერს ილია გაზეთ ივერიაში 1877 წელს გამოქვეყნებულ წერილში, ოსმალოს საქართველო. ამ წერილით ილია იმ მოსაზრებას ეხმაურება, რომ, ვითომ, მუსლიმი ქართველები სინამდვილეში ქართველ ერს არ მიეკუთვნებიან. ილია სხვადასხვა რელიგიის მიმდევარ ქართველებს ერთ სისხლად და ხორცად მოიხსენიებს, რომელთაც ერთი ისტორიული გზა აქვთ გავლილი, საერთო ისტორიული იდენტობა კი მისთვის ყველანაირ სხვა იდენტობაზე მაღლა დგას.

ქართველი ერის იდეა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაშრომებში ისახება, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიურია. ეს ხედვა რადიკალურად განსხვავდება იმ იდეოლოგიისგან, რომელსაც "ქართული მარშის" მსგავსი რადიკალური მოძრაობები გვთავაზობენ. ილიასთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა რჯულის იყვნენ ერეკლე მეორის გვერდით მებრძოლი ბორჩალოელი აზერბაიჯანელები, რომლებიც კრწანისის ბრძოლაში დაეცნენ; ან რა მრწამსი ჰქონდათ ჩრდილოეთკავკასიურ ეთნოსებს — ჩეჩნებს, ინგუშებს, ოსებს, რომელთაც არაერთხელ დაყრდნობია საქართველო გასაჭირის ჟამს და რომლებიც ქართული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

ილიასთვის გადამწყვეტი ისაა, რომ ყველა ამ განსხვავებული წარმომავლობისა და მრწამსის ადამიანებს ერთი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის ბრძოლა აერთიანებდათ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ეკლესია

ფოტო: ეროვნული არქივი

ილიას სიკვდილის შემდეგ, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება, მრავალი ნიშნით, მისი იდეებისთვის ხორცშესხმა იყო და ეს რელიგიის მიმართ შემუშავებული პოლიტიკითაც გამოვლინდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონსტიტუციურად არც ერთ კონფესიას არ ანიჭებდა უპირატესობას და სრულიად სეკულარულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ეკლესია არ ფინანსდებოდა ხალხის ფულით — მით უმეტეს, უცხო კონფესიების წარმომადგენლების ფულით.

კონტრასტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რელიგიურ პოლიტიკასა და თანამედროვე საქართველოს რელიგიურ პოლიტიკას შორის ცალსახაა. დღევანდელ საქართველოში არამართლმადიდებლური აღმსარებლობის ადამიანების გადასახადებით, მათ უკითხავად ფინანსდება მართლმადიდებლური ეკლესია.

თუ დღეს სახელმწიფო საჩუქრად გადასცემს ეკლესიას მიწებს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეკლესიას უძრავი ქონება ჩამოერთვა და სახელმწიფოს, ანუ ხალხის საკუთრებაში გადავიდა. ამით მართლმადიდებლურ ეკლესიას შეეზღუდა შესაძლებლობა, ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოში ეკონომიკურ ტვირთად დაწოლოდა ქართველ ხალხს ზურგზე და მხოლოდ ნებაყოფლობითი შემწეობის ხარჯზე დარჩა. ჭეშმარიტ სეკულარიზმსა და რელიგიურ თანასწორობას თანამედროვე საქართველო მხოლოდ ფურცლებზე, დიდი ხნის წინ მიღებული კონსტიტუციის გვერდებზე ინარჩუნებს.

მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგიების დემონსტრირება ღიად ხდება, საზოგადოება კი ყოველი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის დადგომისას გააფთრებული კამათს იწყებს, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა — ქრისტიანებს, მუსლიმებს თუ ებრაელებს.