მთავარი არხი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას, რომლის თანახმადაც "უხამსი" პროგრამების ეთერში გაშვებისათვის მაუწყებლის სანქცირება შეუძლია.

მიმდინარე წლის იანვარში კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარი არხის ეთერში მინისტრ ივანე მაჭავარიანის ახლო კადრი უხამსობა იყო და ტელეკომპანია სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სანქცია არ დააკისრა. საუბარია კადრზე, სადაც ჩანს, რომ მინისტრი პარლამენტში ყოფნისას, სავარაუდოდ, სასქესო ორგანოს იფხანს. კომისია ამ კადრს "არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებას" უწოდებს.

საია-ში აცხადებენ, რომ კომისიის მოტივაცია — აკონტროლოს გადაცემის უხამსი შინაარსი, მთლიანად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, სანქცია დააკისროს მაუწყებელს "უხამსი" პროგრამის ეთერში გაშვებისათვის, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს "მხოლოდ კანონით". გარდა ამისა, საია-ში აღნიშნავენ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი არ ადგენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, ებრძოლოს "უხამს" პროგრამებს ტელევიზიასა და რადიოში.

ამავე თემაზე: