ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ენგურჰესის მსგავსი მსხვილი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის გაგრძელებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, მათ შორის მთლიანობაში ეს გარანტია იქნება, რომ მომავალში ქვეყანა სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით დამოკიდებული არ იქნება.

"ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ახალი ჰიდროსადგურები დაფუძნებული ადგილობრივ რესურსზე ავაშენოთ. რა თქმა უნდა, მცირე ენერგეტიკაც, ქარი, მზეც, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ ენგურჰესის მსგავსი მსხვილი, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები. მათ შორის, ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა. ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალში არასდროს ვიქნებით მხოლოდ ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება", — განაცხადა თურნავამ სამეგრელოში ენგურჰესის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დათვალიერებისას.

საქართველოს უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა მუშაობა, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, 20 იანვარს შეაჩერა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ორ თვეში, მაისში არის დაგეგმილი.

ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესის პირველი აგრეგატი 1978 წლის 5 ნოემბერს ამუშავდა. კომპანიის ინფორმაციით, თავისი არსებობის 42 წლის მანძილზე, კომპანიამ 120 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენგურჰესის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%-ზე მეტს შეადგენს.

ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები, მართვის პულტი, აფხაზეთის მხარეს, კაშხალი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ქართულ და აფხაზურ მხარეს შორის 1990-იან წლებში მიღწეული "ჯენტლმენური" შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 60% ქართულ მხარეზე, 40% კი აფხაზეთზე გადანაწილდა. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს გადანაწილება თითქმის არასდროს სრულდებოდა და ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის 100%-სა და მეტს მოიხმარდა. დღესდღეობით, ენგურჰესი ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ.

რაც შეეხება, საქართველოში ჰესების მშენებლობას, მას მოსახლეობის ნაწილი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.