კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, დღეს ისინი დააყენებენ შუამდგომლობას ახალი მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"გვექნება შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით და ეს ეხება დროას ვიდეოს, ე .წ. საგამოძიებო ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს, ბატონ ხიდაშელს და მის კავშირებს როგორც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან, ასევე, სპეცსამსახურებთან. ჩვენი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელზეც სასამართლომ აუცილებლად უნდა იმსჯელოს", — თქვა მან.

დღეს კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ნატალია ილიჩოვას ადვოკატები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

გაიგეთ მეტი: