NASA-ს TESS (ტრანზიტული ეგზოპლანეტების კვლევის სატელიტი) კოსმოსურმა ხომალდმა თავის მიზნებს უკვე მიაღწია. კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ TESS-მა 2018 წელს მისიის დაწყებიდან დღემდე უკვე 2 200 პოტენციური პლანეტა აღმოაჩინა. ასობით მათგანი პატარა ზომის პლანეტაა, რომლებიც მოიცავს დედამიწის მსგავს კლდოვან სამყაროებს, თუმცა ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ადგილს წარმოადგენენ.

TESS მისიის მიზანი პირველი ორი წლის მანძილზე 1 600 პლანეტის აღმოჩენა იყო. ამ აღმოჩენათა ნაწილი ნამდვილად უჩვეულოა. მაგალითად, კლდოვანი პლანეტა TOI-700 d ჩვენგან მხოლოდ 100 სინათლის წლითაა დაშორებული; LHS 3844 b, "ცხელი ზე-დედამიწაა" თავისი ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე შემოვლას სულ 11 საათს ანდომებს; TOI 1690 b კი მასპინძელ ვარსკვლავს, წითელ გიგანტს გადაურჩა, რომელიც მის გარშემო მოძრავ პლანეტებს შთანთქავს; TOI 849 b კი გაზის გიგანტია, რომელმაც თავისი ატმოსფერო ან დაკარგა, ან არასდროს ჰქონია.

კოსმოსური სააგენტო იმის გარანტიას არ იძლევა, რომ TESS-ის მიერ აღმოჩენილ ყველა პლანეტას შეისწავლიან. ამჟამად მხოლოდ 120 მათგანის არსებობაა დადასტურებული. თუმცა, სავარაუდოდ, NASA მომავალში გაუშვებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მსგავს ხომალდს, რომელიც კანდიდატ პლანეტებს უფრო მაღალი დეტალურობით შეისწავლის. მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი პლანეტების დიდი რიცხვი უკვე მიანიშნებს მათ მრავალფეროვნებაზე და ზოგადად, კოსმოსის მასშტაბზე.