რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ამ თემაზე პარტიის ლიდერებმა თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ დღეს ბრიფინგი გამართეს.

"რატომ არის საქართველოს მოსახლეობა ვალდებული ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით?! იქნებ ვინმემ დაუსაბუთოს ან საერო ხელისუფლებიდან ან სასულიერო ხელისუფლებიდან?" - აცხადებს თამარ კორძაია, რეპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია პრინციპულად მიიჩნევს, რომ ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში უნდა დასრულდეს:

"თუ კიდევ არის რაიმე კომპესანციის სახით ეკლესიისთვის და საპატრიარქოსთვის გადასაცემი, ეს უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიღებული. ეს იქნება უკვე ნამდვილი სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან".

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, ქვეყანაში არსებულ მდოგმარეობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა აუცილებელია:

"ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო. არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების დღეს არსებული პოლიტიკა. თუ ვლაპარაკობთ კომპენსაციაზე, რაც განსაზღვრულია კონკორდატით, ვისაუბროთ კომპენსაციაზე და ეს უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული".