საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსოთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. გიგაურის თქმით, საუბარი შეეხეო ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხსაც.

"ვსაუბრობდით იმაზე, რამდენად ღრმა კრიზისშია ჩვენი ქვეყანა და მათ აინტერესებდათ რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარება არის და ასევე, ვთქვით, რომ კომპრომისული შეთანხმება უნდა შედგეს მხარეებს შორის. კომპრომისის გარეშე კი, შეუძლებელია შეთანხმება შედგეს.

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა, მელიას და რურუას გათავისუფლება, ვისაუბრეთ ამ საქმეების დეტალებზე და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, ვსაუბრობდით იმაზე, რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე, იმან რომ ძალაუფლება არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში", — განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხზე არასამთავრობო სექტორს დანიელსონთან არ უსაუბრია, რადგან ეს პოლიტიკური პარტიების განსახილველი თემაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის პოლიტიკურ პარტიებს ორშაბათიდან, 29 მარტიდან შეხვდება.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.