ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ის საჯაროდ იმ შემთხვევაში აიცრება, თუ ამას ექიმი, მაგალითად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე შესთავაზებს. On.ge-სთან ის ამბობს, რომ ვაქცინაციაზე თანახმა მხოლოდ საჯაროდ, ტელევიზიების თანდასწრებით არის.

"აცრა კამერების წინ უნდა მოხდეს. მე თვითონაც გადავიღებ ჩემი კამერით და გამოვაქვეყნებ შემდეგ. მე და ალბათ, ბატონმა ამირანმა უნდა ვისაუბროთ. მე მექნება შეკითხვები, რომლებსაც დავუსვამ მას, ან ნებისმიერ სხვა ექიმს, მე არ მაქვს გართულება და ამ კითხვებზე უნდა მოვიღო პასუხები. ამის შემდეგ მოვუყვები ჩემი ჯანმრთელობის ამბავს და თუ კამერების წინაშე ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩემთვის აცრა საჭიროა, მაშინ მე კამერების წინაშე ავიცრები. მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ ისევ კამერების წინაშე უნდა გამსინჯონ და მითხრათ მომიხდა, არ მომიხდა. გართულება მქონდა, თუ არ მქონდა", — ამბობს მეუფე ნიკოლოზი On.ge-სთან.

მას, ასევე, თქვა, რომ მისი აზრით, აცრა არ ესაჭიროება, თუმცა ამას ხალხის სანუგეშებლად აკეთებს.

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებდა, რომ ვაქცინაციას პროპაგანდა სინოდმა არ უნდა გაუწიოს. მისი თქმით, ამაზე ექიმებმა უნდა ილაპარაკონ.