გეოლოგების ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე მიწის ნაწილი ჩავარდა. ამის ამსახველი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავდაპირველად თეა გოდოლაძემ გაავრცელა. გეოლოგ ლაშა სუხიშვილის თქმით, მიწის ჩავარდნა კიდევ ერთი დასტურია, რომ პროცესი არ გაჩერებულა და მეწყერი დინამიკაშია.

"ადგილზე გადაადგილება [მიწის] და დეფორმაციები თვალითაც შეინიშნება როგორც პირველ დღეებში, ისე დღესაც. ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა ჩაქცევები, რომელიც ნაპრალზე მიმდინარეობს. ეს ხდებოდა და კიდეც გაგრძელდება. უბრალოდ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პროცესი არ გაჩერებულა და კვლავ დინამიკაშია. ვერტიკალში რამდენით ჩაიწია ეს პრინციპულად გადამწყვეტი არ არის, მთავარია ჰორიზონტალურად რამდენი გადაადგილდა. ჰორიზონტალური გადაადგილების სიჩქარე 5-დან 7 მილიმეტრამდე მერყეობს დღე-ღამეში", — ამბობს ფორმულასთან გეოლოგი, ლაშა სუხიშვილი.

დღეს, 28 მარტს ვაშლიჯვარში მეწყრული პროცესის მართვის გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ჩართულობის მოთხოვნით აქციაც გაიმართა.

17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.