ბათუმში მდებარე პოპულარული წიგნის მაღაზია "წიგნები ბათუმში" დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მაღაზიის ფეისბუქგვერდზე 26 მარტს გამოქვეყნდა.

"ამ რთულმა ერთმა წელმა ბევრი მსხვერპლი მოიტანა. ამ მსხვერპლში, სამწუხაროდ, ჩვენი მაღაზიაც (მხოლოდ მაღაზია და არა გამომცემლობა) აღმოჩნდა", — წერია მაღაზიის განცხადებაში, — "დასასრულის განცდა შარშან მარტიდან მოყოლებული დაიბადა, დიდხანს ვატარეთ ხელოვნური სუნთქვა და დადგა დრო, როცა აპარატი უნდა გამოირთოს. წარმოუდგენლად ძნელია, დაუჯერებელია ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ აქ და ახლა უნდა დაგემშვიდობოთ".

"წიგნები ბათუმში" 2013 წელს, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა. იგი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ზაფხულში, როცა მკითხველები მაღაზიას და მის კაფეს სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდანაც სტუმრობდნენ.

მაღაზიისადმი მომხმარებლის გამორჩეული დამოკიდებულება გამოჩნდა 2016 წელს; იანვრის თვის დასაწყისში დიდთოვლობამ მაღაზიის შენობის ნაწილი და საწყობი დააზიანა, სადაც წიგნებიც აღმოჩნდა. ინტერნეტმომხმარებლებმა კამპანია "დათოვლილი წიგნები" წამოიწყეს და სოლიდარობის ნიშნად მაღაზიისგან ინციდენტის შედეგად დაზიანებულ წიგნებს ყიდულობდნენ.

ფოტო: მაღაზია წიგნები ბათუმში / Facebook

ობიექტის დახურვის მიუხედავად, როგორც ფეისბუქპოსტიდან ირკვევა, მაღაზიის მკითხველები სიახლეებს უნდა ელოდონ მომავალში:

"ეს დასასრული არ არის, ეს დასაწყისია. ცოტა ხანს შევისვენებთ და აუცილებლად შევხვდებით სხვა სხეულით, მაგრამ იმავე სულით. აქ და ახლა ეს გამაოგნებელი, დაუჯერებელი, სიკეთით სავსე თავგადასავალი დასრულდა, მაგრამ წინ და სხვაგან უფრო დიდი თავგადასავლებია", — დასძენს მაღაზია.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიის დამფუძნებლებმა — ირაკლი ბაკურიძემ და მარი კორინთელმა — 2014 წელს გამომცემლობა წიგნები ბათუმშიც შექმნეს, რომელიც მუშაობას განაგრძობს. გამომცემლობამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოში ჟანრული ლიტერატურის პოპულარიზაციაში: თარგმნა კლასიკური და თანამედროვე ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებები.