ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი, გამხდარიყო "ადგილობრივი პოლიტიკოსი" უკრაინაში, საზიანო იყო საქართველოსთვის.

"მისი [მიხეილ სააკაშვილის] არჩევანი, რითაც არ უნდა იყოს გამართლებული, რომ უკრაინის პოლიტიკაში გამხდარიყო ადგილობრივი პოლიტიკოსი და ორ ცხენზე ჯდომა გადაწყვიტა, ეს საზიანო იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ჩემი აზრით და ყველაფრისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, მაგრამ, ეს მისი არჩევანი იყო.

როგორ უნდა დავაძალო მე რამე?! ერთ პარტიაში რომ ვიყავით მაშინ ვერ შევთანხმდით და ახლა კონკურენტები ვართ და იმიტომ ვართ სხვადასხვა პარტიაში, რომ მე არ მომწონს მისი პოლიტიკური პოზიციების დიდი ნაწილი", — განაცხადა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

მან ეს განცხადება ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრების შეფასებისას გააკეთა.

შეგახსენებთ, კუბილიუსმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უფრო ეფექტიანი იქნება, თუ პროცესში "არაფორმალური ლიდერები" — მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვებიან.

ბოკერიას თქმით, კუბილიუსს "ირიბად გამოუვიდა" ტოლობის ნიშნის დასმა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, რასაც თავად არ ეთანხმება. ბოკერია ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში ქართულ ოცნებას წარმოადგენს, ივანიშვილის მარიონეტია, მეორე მხარეს კი არის ჭრელი ოპოზიცია, სადაც მხოლოდ სააკაშვილი ვერაფერს გადაწყვეტს.

"ივანიშვილი რომელი მისი მარიონეტით იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებებზე, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ივანიშვილი რომ აკონტროლებს ვითარებას, ეგ ყველამ ვიცით [...]

რაც შეეხება სააკაშვილს, სანამ დევნილია, როგორც უნდა ჩაერთოს თავისი პარტიის სახელით. თან, მეორე მხარეს ერთი პოლიტიკური ძალა არ არის. არის ჭრელი ოპოზიცია [...] ყველა ერთმანეთს ანგარიშს ვუწევთ იმაში, რაზეც ვერ ვთანხმდებით და ის, რომ "სააკაშვილი გადაწყვეტს" არის არასწორად საკითხის დაყენება. სააკაშვილი მაგას ვერ გადაწყვეტს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრიუს კუბილიუსი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში არაფორმალური ლიდერების ჩართვის ინიციატივით 25 მარტს გამოვიდა. მისი თქმით, ფორმალურ ლიდერებს, რომლებსაც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში "არ ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს". სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ ევროპარლამენტარმა, მოლაპარაკებებში ჩართულიყვნენ ადამიანები, რომლებიც ფორმალურად არა, მაგრამ "პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან".