სეისმოლოგმა, თეა გოდოლაძემ მეწყრის ტანზე გეოდოზიური აზომვების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა და თქვა, რომ ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქზე წერ.

ფოტო: თეა გოდოლაძე / Facebook

"ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა. შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტროძიებით მიღებულ პროფილებს.

დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად, ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ", — ამბობს ის.

"გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი", — ამ სახელწოდებით ვაშლიჯვრის მოსახლეობამ 28 მარტს აქცია დააანონსა. ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩასთან ნანტის პარკში 14:00 საათზე გაიმართება, სადაც მოსახლეობა საკუთარ პრობლემებსა და მოთხოვნებს გააჟღერებს.

ამასთან, მათი ცნობით, 27 მარტს საორგანიზაციო ჯგუფი ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიციას და 5 000-მდე ხელმოწერას მერიაში შეიტანს.

მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები უბანში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას, ლისის ქედზე მეწყრის მართვის გამჭვირვალობასა და მეტ ინფორმაციას შეეხება.

17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.

ამავე თემაზე: