საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, დავით ფარცვანია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

ფარცვანია გადადგომის შესახებ განცხადებაში მადლობას უხდის ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ნდობისა და ამ თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობისთვის.

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა ბატონო გიორგი რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ — რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს", — წერს ფარცვანია.

გამოსამშვიდობებელ პოსტში, ფარცვანიამ შეაჯამა სააგენტოს მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და ხაზი გაუსვა, რომ განათლების სფეროს ყოველთვის უგულშემატკივრებს.

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები, რომ იგი ახალ პარტიას შექმნის. საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა მოქმედი საჯარო მოხელეებისა თუ პოლიტიკური ფიგურების ნაწილი გახარიას გუნდს შეუერთდეს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პოლიტიკაში დაბრუნებული გახარია მათი ოპოზიცი იქნება, თუმცა ამბობენ, რომ პარტიის ნაწილის გახარიას გუნდში გადასვლაზე საუბარი არ არის. მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ვისაც "ოცნებიდან" წასვლა მოუნდება "გზა ხსნილია".

ოპოზიციაში გახარიას ოპოზიციონერობას სკეპტიკურად უყურებენ, ყოფილი პრემიერმინისტრის პოლიტიკაში დაბრუნებას "ივანიშვილის პროექტს" უწოდებენ და ამბობენ, რომ გახარია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა.