მთავრობის ახალი დადგენილების თანახმდად, მერია მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 7 მილიონ ლარს დახარჯავს.

"ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, ქალაქ თბილისში, ვაშლიჯვარი-ლისის (მაჭავარიანის ქუჩა) დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან", — წერია განკარგულებაში.

დოკუმენტის თანახმად, მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით საჭიროა განხორციელდეს შემდეგი მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და მომსახურების შესყიდვა:

  • საპროექტო მომსახურება 500 000 ლარი;
  • სამშენებლო სამუშაოები 6 500 000 ლარი;

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ღონისძიებები ეტაპობრივად, 150 დღის განმავლობაში განხორციელდება.

17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ