თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ბაგები-წყნეთის გზაზე, სადაც მიწა ჩამოიშალა, კედლის მოწყობა დილისთვის დასრულდა და აღდგა როგორც გზის უსაფრთხოება, ისე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა.

"თქვენ იცით, რომ დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყრული ზონები, მათ შორის, წყნეთის გზაზე, სადაც მიწის ჩამოშლა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, პირველად არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის გზის რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო უსაფრთხოების კედლები. შარშანდელთან შედარებით, ამჯერად ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა და შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაო უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, წუხანდელი უწყვეტი მუშაობის შედეგად, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა. შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხრას", — განაცხადა ბენდელიანმა.

25 მარტს ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, ჩამოიშალა მიწის მასა და გზაზე გადაადგილებას საფრთხე შეექმნა.