ფოტოგრაფია და კინო ერთმანეთს ენათესავებიან. ეს კარგად ჩანს მე-19 საუკუნის ფოტოგრაფის, ედვარდ მეიბრიჯის შემოქმედებაში. მეიბრიჯმა კინოპროექტორის ადრეული ვერსია, ზოოპრაქსისკოპი გამოიგონა და 1878 წელს ცნობილი ფოტოსერია, "მოძრავი ცხენი" შექმნა. იმის გასარკვევად, ჭენებისას ცხენი ცალი ფლოქვით ყოველთვის ეხება მიწას თუ არა, მან სურათები ერთიმეორის მიყოლებით გადაიღო და ცხოველის ყოველი კუნთის მოძრაობა დააფიქსირა. შემდეგ მან ზოოპრაქსისკოპის გამოყენებით კადრები ერთმანეთის გვერდით განათავსა და, ფაქტობრივად, ძალიან მოკლე ფილმი შექმნა.

ფოტო: Wikimedia Commons

დღეს, როცა კინორეჟისორები ხშირად ფოტოსურათების ესთეტიკით განსაზღვრავენ თავიანთი ფილმების ვიზუალს და მგრძნობელობას, ფოტოგრაფიის კინოზე ზეგავლენის უარყოფა შეუძლებელია. მაგალითისთვის, სტენლი კუბრიკმა მოღვაწეობა ფოტოკორესპონდენტობით დაიწყო და გადაღებისას ცნობილი კრიმინალური ფოტოგრაფის, ვიჯის ესთეტიკას ჰბაძავდა. კუბრიკს იმდენად ხიბლავდა ვიჯის გამბედავი, შემზარავი სტილი, რომ წლების შემდეგ, დოქტორი სტრეინჯლავის გადასაღებ მოედანზე ფოტოგრაფად დაიქირავა და დანაშაულის ამსახველი სცენების შესახებ რჩევებსაც დაეკითხა. უეს ანდერსონის სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის შთაგონების წყარო კი სასტუმროს ის ფოტოსურათები, კონკრეტულად — ხელით მოხატული ღია ბარათები გახდა, რომლებსაც რეჟისორი კონგრესის ბიბლიოთეკაში შემთხვევით გადააწყდა.

კუბრიკისა და ანდერსონის გარდა, კიდევ არაერთმა რეჟისორმა მიიღო ვიზუალური სტიმული ცალკეული ფოტოსურათიდან ან ფოტოგრაფისგან. ამ სტატიაში თავი სწორედ ისეთ ექვს ფილმს მოვუყარეთ, რომელიც ცნობილი ფოტოსურათების შთაგონებით შეიქმნა.

1. სპაიკ ჯოუნზის ის (2013 წელი)

ის ერთგვარი ფილმი-პარადოქსი, ფუტურისტული შეგონებაა, რომელშიც უხვადაა ნოსტალგია. სიყვარულის ამ ისტორიაში მხოლოდ ერთ შეყვარებულს აქვს შეგრძნების უნარი. ფილმში ხოაკინ ფენიქსი გულგატეხილი მწერლის, თეოდორ თვომბლის როლს თამაშობს, რომლის ხელობაც სხვა ადამიანების სახელით პირადი, ინტიმური წერილების წერაა. თეოდორს თავისი შემაშინებლად ჭკვიანი ვირტუალური ასისტენტი, სამანტა უყვარდება, რომელსაც სკარლეტ იოჰანსონი ახმოვანებს.

რეჟისორი სპაიკ ჯოუნზი ამ 2014 წლის ოსკაროსანი სურათის გადაღებისას ტოდ ჰაიდოს დამაინტრიგებელმა და იდუმალმა ფოტოსურათმა, უსათაურო №2653-მა შთააგონა. მან ეს ფოტოსურათი შემდეგნაირად აღწერა: "მოგონებას ჰგავს. მასში დღის ბუნდოვანი ხასიათი იგრძნობა. მოგონებაა ამ გოგოზე, ლამაზ ტყეში". მართლაც, ჯოუნზის მიერ ფილმში გამოყენებული ფერთა რბილი გამა ფოტოსურათის ნაზ პალიტრას წააგავს.

ტოდ ჰაიდო, უსახელო №2653.

ფოტო: Wirtz Art

კადრი ფილმიდან, ის.

ფოტო: Warner Bros. Pictures

მეტად სიღრმისეულ დონეზე კი ჰაიდოს ფოტოსურათი თითქოს იმ წინააღმდეგობებს ირეკლავს, რომელიც თეოდორის სამანტასადმი სიყვარულს ახასიათებს. ფოტოზე გამოსახული ქალის სახეს ვერ ვხედავთ — ჩვენთვის ის ერთგვარი სუფთა ფურცელია. ამიტომაც, შეგვიძლია, როგორადაც გვინდა, ისეთად წარმოვიდგინოთ ის — სწორედ ისე, როგორც თეოდორმა წარმოისახა სამანტა შეყვარებულად.

2. სოფია კოპოლას თვითმკვლელი ქალწულები (1999 წელი)

სოფია კოპოლას საკულტო ნამუშევარი, თვითმკვლელი ქალწულები მათრობელა, ბუნდოვანი ნაღველითაა გაჟღენთილი. ფილმი ხუთი მოზარდი დის, ლისბონების ტრაგიკულ ცხოვრებასა და სიკვდილზე მათი თაყვანისმცემელი მეზობელი ბიჭების თვალით მოგვითხრობს. თვითმკვლელ ქალწულებს მელანქოლიური განწყობა გასდევს, რასაც თან ედ ლეკმენის ჰაეროვანი მონტაჟი ერთვის.

კოპოლა ფოტოგრაფმა ბილ ოუენსმა, კონკრეტულად კი მისმა ფოტოსურათმა, ჩვენი მერვე კლასის გამოსაშვები საღამო მშვენიერი იყო, შთააგონა. რეჟისორის თქმით, ფილმის გადაღების პროცესში მას ამ ფოტოზე "ნამდვილად ეფიქრებოდა".

ბილ ოუენსი, ჩვენი მერვე კლასის გამოსაშვები საღამო მშვენიერი იყო.

ფოტო: Etherton Gallery

კადრი ფილმიდან, თვითმკვლელი ქალწულები.

ფოტო: Paramount Pictures

ფოტოზე თვითმკვლელ ქალწულებთან, კონკრეტულად კი გამოსაშვები საღამოს ცეკვის სცენასთან აშკარა მსგავსებები შეიმჩნევა: ჭერიდან ჩამოკიდებული მუყაოს ბრჭყვიალა ვარსკვლავებიც კი ფილმისას ჰგავს. სურათის ცენტრში მდგარი გოგო, თეთრი ძველმოდური სტილის კაბითა და ქერა კულულებით, თავისუფლად იქნებოდა ლისბონების და. ფოტოზე ის უხერხული სიფაქიზეც შეიმჩნევა, რომლითაც ფილმია სავსე. ლეკმენის თქმით, მათ სურდათ, ისეთი რეალობა დაეხატათ, როგორადაც სამყაროს მოზარდობისას აღიქვამ. მართლაც, თვითმკვლელი ქალწულები თინეიჯერობის ნაღვლიან მისწრაფებებს ასახავს: ერთი მხრივ, მთხრობელთა მიამიტურ სურვილს, ლისბონები გაიცნონ და გადაარჩინონ; ხოლო, მეორე მხრივ, გოგოების თანაბრად მგზნებარე წადილს, სულისშემხუთავ ოჯახურ ყოფას თავი დააღწიონ და რაღაც მეტი გამოსცადონ.

3. ბარი ჯენკინსის მთვარის შუქი (2016 წელი)

მთვარის შუქი, რომელმაც 2016 წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოიპოვა ოსკარი, შაირონზე, შავკანიან ქვიარ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც მაიამიში იზრდება. სამი ვრცელი ეპიზოდის განმავლობაში, რომლებშიც შაირონის როლს სამი სხვადასხვა მსახიობი ასრულებს, მათრობელა სურათი მომხიბლავ, სიზმრისეულ სამყაროში გვითრევს. ამ ეფექტის მისაღწევად, რეჟისორმა ბარი ჯენკინსმა და კინოოპერატორმა ჯეიმს ლაქსტონმა შთაგონების წყაროდ არაერთი ფოტოსურათი გამოიყენეს.

ჯენკინსი და ლაქსტონი ამერიკელი ფოტოგრაფის, ერლი ჰადნოლ ჯუნიორისა და ჰოლანდიელი ვივიენ სასენის ნამუშევრებს დაეყრდნენ. ისინი ჰადნოლის მიერ 1970-იან წლებში, სამხრეთელი აფროამერიკელი მოსახლეობის ცხოვრების სიყვარულით სავსე და, ამასთან, რეალისტურმა გადმოცემამ მოხიბლა. ეს ფოტოსურათები ოჯახებს, მეგობრებსა და მეზობლებს შორის გათამაშებულ პირადულ მომენტებს ასახავს. მთვარის შუქიც შაირონის ამბავს ინტიმურობისა და თანაგრძნობის უდიდესი განცდით გვიყვება.

ერლი ჰადნოლ ჯუნიორი, მფარველი.

ფოტო: Smithsonian American Art Museum,

კადრი ფილმიდან, მთვარის შუქი.

ფოტო: A24

სასენის ნამუშევრებისგან კი ჯენკინსმა და ლაქსტონმა დეკადენტური, ფერთა სატურირებული პალიტრა და ადამიანის სხეულის აბსტრაქტულად ასახვის სტილი ისესხეს.

ვივიენ სასენი, დელფინი.

ფოტო: Stevenson

კადრი ფილმიდან, მთვარის შუქი.

ფოტო: A24

2016 წელს ლაქსტონმა ახსნა, რატომაა ფოტოგრაფიით გატაცებული: "როცა უძრავ გამოსახულებას ვხედავ, მასზე ასახულ სამყაროს წარმოვიდგენ. შემიძლია, გონებაში გავაცოცხლო, რა მოხდა ფოტოს გადაღებამდე და გადაღების შემდეგ". ლაქსტონის ფოტოგრაფიული ხედვა ნათლად ჩანს ფილმის ისეთ სცენებში, როგორიც, მაგალითად, სანაპიროზე კოცნაა, სადაც კადრი შაირონის ქვიშაში ჩარგულ ხელზე უეცრად გადადის. მსგავსი მომენტები ნამუშევარს ინდივიდუალურობითა და გულწრფელობით ავსებს.

4. ტოდ ჰეინსის ქეროლი (2015 წელი)

ფოტოგრაფმა სოლ ლაიტერმა სახელი 1950-იანი წლების ნიუ-იორკის შეუვალობისა და სილამაზის ერთდროულად გადმოცემით გაითქვა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ტოდ ჰეინსი სწორედ მის ნაშრომებს დაეყრდნო ქეროლის გადაღებისას, რომლის სიუჟეტიც ასევე 50-იანი წლების მანჰეტენზე ვითარდება. ფილმში ახალგაზრდა გამყიდველი ქალისა და ცხოვრებამოყირჭებული დიასახლისის ურთიერთობა იმ საზოგადოების ფონზეა ასახული, რომელიც მათ სიყვარულს ეწინააღმდეგება. 1950-იანი წლების ქუჩის ფოტოგრაფიის ეფექტის შესაქმნელად, კინოოპერატორმა ედ ლეკმენმა ფილმი თექვსმეტმილიმეტრიანი ფირით გადაიღო, რითაც მას ძველებური ფოტოსურათის ხორკლიანი ვიზუალი და დამუხტული აურა შესძინა.

სოლ ლაიტერი, ნუ გაივლი.

ფოტო: Howard Greenberg Gallery

კადრი ფილმიდან, ქეროლი.

ფოტო: StudioCanal

ჰეინსი მოიხიბლა ლაიტერის უნარით, ჰარმონიულად შეერწყა ქუჩის ფოტოგრაფია და აბსტრაქტული ხელოვნება და, ამავდროულად, ქალაქის ცხოვრების ქაოსურობაც გადმოეცა. მისი თქმით, "ზოგჯერ გგონია, რომ აბსტრაქტულ ნახატს უყურებ, თუმცა, ამავდროულად, დროსა და სივრცეს ძალიან სპეციფიკურად აღიქვამ, რაც შუშებზე არეკლილი სინათლეებით და მათი მტვერთან, ჭუჭყთან და ტალახთან შერწყმით მიიღწევა". ჰეინსის გადაღების სტილი ლაიტერის ესთეტიკას მაშინაც ჰგავს, როცა რეჟისორი კადრებს მინებისა და ფანჯრების გავლით იღებს, რისი მეშვეობითაც გადასაღები ობიექტი ბუნდოვანი ხდება და მაყურებელი სცენას თითქოს შორიდან უყურებს.

5. დენ გილროის ღამის ქვეწარმავალი (2014 წელი)

ფოტოგრაფი, სახელად ვიჯი (არტურ ჰელიგის ფსევდონიმი) 1930-იან წლებში ნიუ-იორკის ბინძურ, ბნელ ქუჩებში მომხდარ სასტიკ დანაშაულთა სამყაროს გადაღებით გახდა ცნობილი. თავად მისი ცხოვრებაც კინოს ჰგავდა: გადმოცემის თანახმად, ჰელიგს პოლიციის რადართან ჩაცმულს ეძინა, რათა მისი ახმაურების შემთხვევაში სასწრაფოდ გაეღვიძა და დანაშაულის ადგილზე ფოტოების გადასაღებად გაქცეულიყო. დენ გილროიმ თავის სადებიუტო ფილმში, ღამის ქვეწარმავალი, ვიჯის პიროვნება ასეთივე შეუპოვარი ოპერატორის, ლუ ბუმის პერსონაჟად აქცია. ბუმი, რომლის როლსაც ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებს, ფოტოგენური სისხლისღვრის ძიებაში ლოს-ანჯელესის ღამის ქუჩებში დაეხეტება.

ფოტო 1: BAM / ფოტო 2: Open Road Films

გილროი ვიჯის შემოქმედებამ პირველად მაშინ აღაფრთოვანა, როცა 1988 წელს ფოტოგრაფის წიგნს, შიშველ ქალაქს გადააწყდა. რეჟისორის თქმით, მას "ამ ამბის გათანამედროვებული ვერსიის მოყოლა სურდა". ღამის ქვეწარმავალში გილროიმ ვიჯის ცხოვრებასა და გადასაღებ ტექნიკას დღევანდელობის ელფერი შესძინა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლუს პერსონაჟი კადრებს 4x5-იანი ფოტოაპარატის ნაცვლად ციფრული ვიდეოკამერით იღებს, მას მაინც თან სდევს ის შეუვალი სასოწარკვეთა, რომელიც ვიჯის პიროვნებას ასეთ მომნუსხველს ხდის. ფილმის დიდი ნაწილი ლუს ლინზებში გვახედებს, რაც მისი და ვიჯის მუშაობის უშუალო და შემზარავ ბუნებას ასახავს.

6. სტივენ სპილბერგის რიგითი რაიანის გადასარჩენად (1998 წელი)

საბრძოლო დრამის შექმნისას სტივენ სპილბერგი ცდილობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი "ოპერაცია ნეპტუნის" მოვლენები ჯარისკაცის თვალით გადმოეცა. ისტორიული მომენტის ეკრანზე მაქსიმალურად ზუსტად გადმოსატანად, სპილბერგი Life-ის სახელგანთქმული ფოტოჟურნალისტის, რობერტ კაპას გადაღებულ კადრებს დაეყრდნო. კაპა ამ საქმის დიდოსტატი იყო. იგი ომის ჟურნალისტი გახლდათ, ჯარისკაცებს ნორმანდიაში ახლდა თან და ამიტომაც უაღრესად რეალისტურ კადრებს იღებდა. ფილმთან კაპას კავშირზე საუბრისას კინოოპერატორმა იანუშ კამინსკიმ განაცხადა: "მინდოდა, დიდი ჰოლივუდური წარმოების შედეგი მებრძოლი ფოტოგრაფების მიერ თექვსმეტმილიმეტრიანი კამერით გადაღებული კადრებისთვის მიმემსგავსებინა".

ფოტო 1: Magnum Photos / ფოტო 2: Allstar/WARNER BROS

კაპას დევიზის თანახმად, "თუ შენი ფოტოსურათები საკმარისად კარგი არ არის, ესე იგი საკმარისად ახლოს არ ხარ". სპილბერგიც მთელი ძალით ეცადა, ომის თანმხლები სისასტიკე და შიში მაყურებლამდე მიეტანა. მისი დაჟინებით, ფილმში ბომბების აფეთქებისას კამერაც ისე ირყევა, თითქოს ბიძგები მასზეც მოქმედებს.