შესწორება: თავდაპირველი სათაური ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებული არ იყო.

თუ ყოველთვის გინდოდათ, დისნეის ანიმაციების დასამახსოვრებელი სიმღერებით ქართულ ენაზეც დამტკბარიყავით, სტუდია ფონოგრაფის დამსახურებით ამის შესაძლებლობა უკვე გაქვთ. სტუდიამ Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებისა და სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მულანის სიმღერის ქართული ადაპტაცია წარადგინდა. სტუდია ფონოგრაფი კონკურსის სიმღერების კატეგორიის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება ანიმაციური ფილმის გახმოვანების კატეგორიას, აქ გამარჯვებული კომპანია ბრავო რექორდსია.

დისნეის ანიმაციური ფილმების სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად შერჩევა 12 თებერვალს გამოცხადდა. 7 მონაწილეს შორის გამარჯვებული სტუდია ფონოგრაფი აღმოჩნდა. სტუდია ფონოგრაფის მიერ წარმოდგენილ სიმღერაზე პაატა გოძიაშვილი და ნინო წითლაური მუშაობდნენ. სიმღერის ტექსტი კი მაკა აროშიძეს ეკუთვნის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურსში გამარჯვებულ ორივე კომპანიასთან მომავალში დისნეის ანიმაციური ფილმებისა და სიმღერების ქართულ ენაზე გახმოვანების მიმართულებით ითანამშრომლებს.