14 არასამთავრობო ორგანიზაცია სურს,რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მედიატორებმა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, დახურული პროცესი საშუალებას აძლევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმების მიუღწევლობა ერთმანეთს გადააბრალონ.

"იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვთქვამთ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ.

მიგვაჩნია რომ, მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე — მის საზღვრებს გარეთ", — აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • კავშირი საფარი (HRHT);
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG);
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • უფლებები საქართველო;
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI).

22 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდებოდა.მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, კომპრომისებზე წასლის დროა. დანიელსონის ბოლო ვიზიტის დროს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.