კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს ქართველი მკითხველი საკმაოდ კარგად იცნობს, თუმცა კიდევ უფრო ბევრმა უკეთ იცის მისი საკულტო რომანის მხევლის წიგნი მიხედვით გადაღებული სერიალი.

როგორც ჩანს, სულ მალე მისი შემოქმედების კიდევ ერთ სატელევიზიო ეკრანიზაციას ვიხილავთ.

Deadline-ის ცნობით (ეს ინფორმაცია გავრცელდა ეტვუდის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც), დისნეის მფლობელობაში მყოფი ამერიკული სტრიმინგ სერვისი Hulu მარგარეტ ეტვუდის გახმაურებული ტრილოგიის Maddaddam მიხედვით სერიალს გადაიღებს.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ტრილოგია სამი ნაწილისგან შედგება — Oryx and Crake, The Year of the Flood, Maddaddam — და მათ შორის პირველი წიგნი, ორიქსი და კრეიკი ქართულადაც არის ნათარგმნი.

ტრილოგია პოსტაპოკალიფსური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც აღწერილია კაცობრიობის მასობრივი განადგურება ხელოვნურად შექმნილი ვირუსის მიერ. მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პანდემიის ფონზე კი ეს სამომავლო პროექტი ბევრის ყურადღებას ნამდვილად დამსახურებულად მიიქცევს.

ტრილოგიის პირველი ნაწილი ქართულად დავით ბალიაშვილმა და აკაკი მოსახლიშვილმა თარგმნეს.

ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში

აღსანიშნავია, რომ ეტვუდის ამავე ტრილოგიის მიხედვით 2014 წელს სერიალის გადაღებას HBO გეგმავდა, პროექტის სულისჩამდგმელი კი დარენ არანოვსკი უნდა ყოფილიყო, თუმცა უცნობი მიზეზების გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა.

შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კომპანია Hulu-ს საყოველთაო აღიარება სერიალმა მხევლის წიგნი მოუტანა, რომლის მეოთხე სეზონის პრემიერა თებერვალში ემოციური ტრეილერით დაანონსდა.

შესაბამისად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეტვუდის ნაწარმოების კიდევ ერთი ეკრანიზაცია უკეთესი თუ არა, ასეთივე წარმატებული მაინც გამოდგება, ხოლო სერიალის გამოსვლამდე ქართულად ტრილოგიის დანარჩენი ნაწილებიც ითარგმნება.