პანდემიის გამო ხელოვნების მოყვარულები საყვარელი ნამუშევრების ცქერით მუზეუმებში ვერ ტკბებიან, შესაბამისად, ამ აქტივობამაც ინტერნეტსივრცეში გადმოინაცვლა. მსოფლიოს გარშემო ადამიანები გამორჩეული მხატვრების შემოქმედებას გუგლში ეცნობიან. მსოფლიოს საყვარელ ხელოვანთა სიაში ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვარი — ნიკო ფიროსმანიც აღმოჩნდა. Artsupplies.co.uk-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ესტონეთში ნიკო ფიროსმანს გუგლის მეშვეობით ყველაზე ხშირად ეძებენ.

ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918). ხუთი თავადის ქეიფი

ფოტო: GNM

ესტონეთში თვითნასწავლი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას დამთვალიერებლები პირადად 2019 წელს გაეცნენ, როდესაც ტალინში მხატვრის გამოფენა, სახელწოდებით ფიროსმანი — მარტოხელა გენიოსის სამყარო გაიმართა. ესტონეთში ფიროსმანის პოპულარობა, დამატებით, ალბათ, ტალინში მხატვრის სახელობის რესტორნის დამსახურებაცაა.

ნიკო ფიროსმანის სახელს მსოფლიოს ხელოვნების მოყვარულები კარგად იცნობენ. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში, საფრანგეთში, ქალაქ არლის ვან გოგის მუზეუმში გამოფენილა. ჩამოთვლილ გამოფენებზე ნიკო ფიროსმანის ნახატები ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან: ვინსენტ ვან გოგი, პაბლო პიკასო, ამადეო მოდილიანი, კლოდ მონე და სხვ.

ფოტო: Ken Bromley Art Supplies

2020 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ხშირად, კერძოდ — 82 ქვეყანაში, გუგლში ლეონარდო და ვინჩის ეძებდნენ. ყველაზე ცნობილ ხელოვანთა სიაში, აგრეთვე, არიან: ფრიდა კალო, ვინსენტ ვან გოგი, არტემიზია ჯენტილესკი, პიკასო, ბენქსი და დიეგო ველასკესი.

საქართველოში ყველაზე პოპულარული ხელოვანი მე-19 საუკუნეში მოღვაწე ჰოლანდიელი ფერმწერი და პოსტ-იმპრესიონიზმის წარმომადგენელი ვინსენტ ვან გოგი აღმოჩნდა.

ამავე თემაზე: