საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მიხეილ სარჯველაძე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს საარჩევნო რეფორმისა და საპარლამენტო ფრაქციების დაკომპლექტების წესის შესახებ აფასებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯს.

"უცნაური შეფასებაა, როდესაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მონათლავს ვინმე როგორც სატყუარას [...]

ქვეყნისთვის ეს რომ კარგია, ამაზე იყო საუბრები და არაერთხელ ითქვა ამასთან დაკავშირებით. ამაზე, მემგონი, არგუმენტიც არ არსებობს საპირისპიროდ. შესაბამისად, ახლა ვისმენთ ისევ ... ჭეშმარიტებაზე საუბრისგან გაქცევის მცდელობებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ არ მოუწიოთ იმის თქმა, რომ რეალურად, ეს არის მოლაპარაკებისკენ, მათ შორის, გადადგმული რეალური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირეს, რომელიც ქართული ოცნებისა და პარტია მოქალაქეების მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა. თუმცა, მის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი 113 დეპუტატი არაა. ბოიკოტის გამო საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ ქართული ოცნების, მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტების 96 დეპუტატია ჩართული.

ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დაიწევს. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შემცირდება იმ დეპუტატები რაოდენობა, რომელიც ფრაქციის შექმნისთვის არის საჭირო. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის.

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი კანონპროექტის დაინიცირებას აფასებს როგორც პატარა პარტიების პარლამენტში მიპატიჟების მცდელობად, რაც, მისივე შეფასებით, "არ გამოიყურება ლამაზად".

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე ეს ინიციატივა გამოიყურება როგორც არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობა.

გაიგეთ მეტი: