გადაადგილების შეზღუდვა, ანუ ე.წ. კომენდანტის საათი თითქმის 6 თვის წინ, უფრო ზუსტად კი 164 დღის წინ დაწესდა და 160 დღეა მოქმედებს. ეს ერთადერთი შეზღუდვაა, რომელიც მეორედ დაწესების შემდეგ, არც წინა და არც მოქმედ სამთავრობო გუნდს არ მოუხსნია და გამონაკლისის სახით, მხოლოდ 4 ღამით გაუქმებით შემოიფარგლა.

კომენდანტის საათი ვირუსის პირველი ტალღის დროსაც გვქონდა, როცა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა, ის მხოლოდ 53 დღე გაგრძელდა. მაშინ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 31 მარტს დაიწყო და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდებოდა. 23 მაისს კი საგანგებო მდგომარების გაუქმებასთან ერთად, მოიხსნა.

მეორე ტალღისას, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 7 ნოემბერს დაწესდა და 9 ნოემბერს შევიდა ძალაში. მაშინ, საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდს შეეხო. გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურისას დაუშვეს, როცა ორი ღამით, შეზღუდვა გააუქმეს.

არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და 1 საათით წინ გადმოწია: გარეთ გასვლა 21:00-დან აიკრძალა. ამის შემდეგ კომენდანტის საათი მხოლოდ ორჯერ მოიხსნა — ახალ წელს და მართლმადიდებლური შობის ღამეს. იგივე გამონაკლისი არ დაუშვა მთავრობამ სხვა კონფესიებისთვის, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. მაშინ მრევლს ტაძარში მისასვლელად საშვის აღებისკენ მოუწოდეს.

იყო კიდევ ერთი "შემსუბუქება" — 28 მარტს საქართველო ესპანეთის მატჩის ბილეთის მფლობელებს ღამის 01:00 საათამდე ჰქონდათ გარეთ ყოფნის უფლება. თუმცა, იგივე უფლებებით არ აღჭურვა საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანული თემი, რომლებმაც 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ღამით კომენდანტის მოხსნა ითხოვეს.

დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა მთავრობას კათოლიკე ეკლესიასთანაც, რომელმაც 4 აპრილს აღდგომის აღსანიშნავად კომენდანტის საათის მოხსნა ითხოვა — საბჭომ მათთვის გამონაკლისი არ დაუშვა, ამიტომ ღამისთევის მსახურება დღის საათებში გადმოიტანეს.

პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა კომენდანტის საათი არაერთხელ დაარღვიეს. იმართებოდა საპროტესტო აქციები და მსვლელობები. აქტივისტების ნაწილი ღამეს ქუჩაში ათევდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, უმეტესად მათ ადგილზე არ აჯარიმებდნენ და საჯარიმო ქვითრების მხოლოდ მეორე დღეს მისდიოდათ. ისინი გადახდაზე უარს ამბობენ და ასაჩივრებენ.