დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის წინ ჩასატარებელ ჩეკლისტში არის კითხვა იმის შესახებ, იყენებს თუ არა ასაცრელი ფილერს. მისი განმარტებით, აღნიშნულ ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენა, რაც არ ნიშნავს ანაფილაქსიური შოკის საფრთხეს, მაგრამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ადგილობრივი გართულება მათში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს.

"ერთი კითხვა დაემატა Pfizer-ის ჩეკ ლისტს. არის იქ 12, თუ არ ვცდები, თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან. Pfizer-ს ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები, იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს, ფილინგებს რასაც ეძახიან. [..]

ფილერები, დიახ. ეს დაემატა კითხვარს, რადგან, ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ, შეიძლება, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას", — განაცხადა მან.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, იშვიათ შემთხვევებში mRNA ვაქცინის გაკეთებისას შეიძლება შეშუპება განვითარდეს იმ ადგილზე, სადაც ფილერი არის გაკეთებული. როგორც აღნიშნულია, შეშუპება დროებითია და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ გადის. ამასთან, CDC მიუთითებს, რომ აცრის გაკეთება შეუძლიათ ფილერის მქონე პირებს, რომელთან ვაქცინაციის მიმართ უკუჩვენება არ აქვთ. თუმცაღა ურჩევენ, შეშუპების გაჩენის შემთხვევაში კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.