ალბათ, ყველამ კარგად ვიცით, რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახი ექსცენტრიკულობითაა გამორჩეული, რის გამოც ოჯახის წევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან. ამჯერად ინტერნეტსივრცე კოვიდტესტირების უცნაურმა რიტუალმა მოიცვა, რომელში მონაწილეობაც სავალდებულოა ყველასთვის, ვისაც მათთან პირადად შეხვედრა სურს.

ფოტო: Giphy

ამ საკითხზე პოდკასტის Bitch Sesh სტუმრად მიწვეულმა რადიო და ტელეწამყვანმა ენდი კოენმა ისაუბრა. კოენის თქმით, მას კარდაშიანების ოჯახისგან ახალი პროექტისთვის For Real: The Story of Reality TV ინტერვიუ უნდა აეღო. როდესაც დათქმული დღე დადგა, იგი მანქანაში ჩასვეს და ლოს-ანჯელესში, კარდაშიანების მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს, სადაც ტელეწამყვანს კოვიდტესტირება ჩაუტარდა. კოენმა ტესტის პასუხი მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო:

"არა, ისინი სახლში წაგიყვანენ. თუ მეორე ჭიშკარი გაიღება, ტესტის პასუხი უარყოფითია", — იხსენებს დიალოგს წამყვანი.

ენდი მძღოლმა ქლოი კარდაშიანის სახლში წაიყვანა. ტელეწამყვანი პოდკასტზე საუბრისას იხსენებს, როგორ ცდილობდა გამოეცნო, თუ რომელი იყო უკვე ნახსენები მეორე კარიბჭე. ენდი კოენის საბედნიეროდ, ისტორიას კარგი დასასრული აღმოაჩნდა: მეორე კარიბჭე გაიღო და წამყვანმა ინტერვიუს ჩაწერაც მოახერხა.

ერთი რამ ფაქტია: კარდაშიანები და ჯენერები ჩვენს გაოცებას, ალბათ, არასდროს შეწყვეტენ.