თუ კალიგრაფიისა და თითოეული ასოს მოყვანილობაში გამოხატული ინდივიდუალიზმის გწამთ, ამასთან საქართველოს წარსულის გამორჩეული ფიგურების მოღვაწეობაც გაინტერესებთ, ზვიად გამსახურდიას ხელნაწერის მიხედვით შექმნილი შრიფტის აღმოჩენა აუცილებლად გაგიხარდებათ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შრიფტზე საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით მუშაობს. ხელნაწერი შრიფტი გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით იქმნება. 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 82 წელი სრულდება.

ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერი, რუსკა უსტიაშვილი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას ხელნაწერების გაციფრულება და შრიფტის შექმნა მარტივი არ ყოფილა:

"შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხელნაწერების დიდი ნაწილი ხანძრის გამო განადგურდა, ბევრი საარქივო მასალა უბრალოდ აღარ არსებობს".

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ფოტო: Wikipedia

ზვიად გამსახურიდიას ხელმოწერა თან ერთვის 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ეს ჯეპრასა და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი მესამე შრიფტი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში უკვე გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძისა და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები.

"შრიფტი მხოლოდ ცნობილი მოღვაწის ხელნაწერიდან ამოკრებილი ასოების ერთობა არაა. შრიფტში პიროვნების ხასიათი უნდა ჩანდეს, მასში უნდა აისახოს ყველაფერი: ავტორი კალამს მსუბუქად უსვამს თუ მკაცრად, დინჯად წერს თუ სწრაფად, წერისას მშვიდია თუ აღელვებული... ზოგჯერ ავტორის წერილებიდან სხვადასხვა ხასიათი ჩანს და აქ შრიფტის დიზაინერის ამოცანა რთულდება: მან უნდა შეძლოს, ხელწერის ზოგადი თვისებებიც შეაჯეროს, მაგრამ ამავე დროს ნაწერს არ დაუკარგოს ინდივიდუალური ხასიათი. ზვიად გამსახურდიას წერილების კალიგრაფიაზე დაკვირვებაც ამ მხრივაა საინტერესო: კალიგრაფია ჩემთვის მიმანიშნებელია იმისა, თუ რას გრძნობს იგი აზრის გადმოცემისას. ასეთი ინტერპრეტაციები ზუსტი რომც არ იყოს, შრიფტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. შედეგი კი კიდევ უფრო სასიამოვნო: ასე მგონია, მათი ხელწერის გაცოცხლებით დიდი ქართველი მოღვაწეების უკვდავყოფაში უმცირესი წვლილი მეც შემაქვს", — განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.