ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით რემდევისვირმა მოსალოდნელზე ბევრად კარგი შედეგი აჩვენა.

"რემდესივირმა აჩვენა იმაზე ბევრად კარგი შედეგი, ბევრად კარგი, ვიდრე მოველოდით. ვინც იყენებს რემდესივირს, ეს ვართ ჩვენ [ინფექციური საავადმყოფო], საჩხერე, რესპუბლიკური საავადმყოფო და ა.შ. ძალიან ბევრი კლინიკა იყენებს და სულ ყველა არის ძალიან კმაყოფილი.

პირდაპირ ამბობენ ავადმყოფები, მეგობრებს ურჩევენ, რომ როგორც კი ავად გახდები გაიკეთე რემდესივირი, იმიტომ, რომ ცხელება ჰქონდათ, ჟანგბადის უკმარისობა ჰქონდათ, ცუდად იყვნენ, გაიკეთეს რემდესივირი და მეორე დღიდან კარგად გახდნენ. მე, პირადად, ასე ვიყავი", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ექიმთა ნაწილი რემდესივირის გამოყენებას პირადი დაპირისპირების გამო, უსაფუძვლო არგუმენტებით ეწინააღმდეგებოდა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტურია.

"სამწუხაროდ, აი, ზუსტად ისე, როგორც ანტივაქსერული კამპანიაა, იყო, ახლა გაჩუმდნენ, ანტირემდესევირული კამპანია. აი, ეს უკვე იყო უზნეობის პიკი, როდესაც ექიმები, სხვათა შორის, ისეთი ექიმები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, ამბიცია აქვთ პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ერთმა კვლევამ მსოფლიოში, ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) კვლევამ, ვერ აჩვენა დადებითი ეფექტი რემდესივირის. მაშინ, როდესაც სხვა ყველა, 5-6 კვლევამ უჩვენა [დადებითი ეფექტი]

ამბობდნენ, რომ რემდესივირი არ არის ეფექტური, მის შემოტანაზე დახარჯული ფული წყალში გადაყრილია და პირდაპირ გვიპირისპირდებოდნენ ჩვენ. ეს იყო, პირდაპირ ვამბობ, იმ ექიმების გასაგონად, ეს იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და პირად ამბიციაზე და პირად ოპონირებაზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული, რაც დაამტკიცა პრაქტიკამ", — ამბობს ცერცვაძე.

რემდესივირი საქართველოში 2020 წლის დეკემბერში შემოიტანეს. იქამდე, იგი სწორედ თენგიზ ცერცვაძემ გამოიყენა კორონავირუსის მკურნალობის პროცესში. მაშინ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პრეპარატი, რომელიც საქართველოში ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი, მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

გაიგეთ მეტი: