საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი, ვაგიფ აქპეროვი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) ერთად თანამდებობიდან იძულებით გადაყენების გამო პროკურატურას უკვე მეორედ მიმართავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2021 წლის 21 მარტს, მთავარი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ყვება, როგორ ჩატვირთა ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერების მოსაპოვებლად. გულაშვილის განცხადებით, მან ეს ოპერატიული დავალება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი მაღალჩინოსნისგან, ნიკოლოზ შარაძისგან მიიღო.

სიუჟეტში აქპეროვი ყვება, რომ იგი თანამდებობიდან იძულებით, სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების მუქარით გადააყენეს.

"2013 წლის 27 დეკემბერს იგი დაიბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ ერთ შენობაში (ე.წ.მოდულის შენობა), სადაც, აქპეროვის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და რეპუტაციის შელახვით დაემუქრნენ, მიანიშნებდნენ ოჯახის წევრებისთვის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობაზე.

მისგან მოითხოვდნენ დაეწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, შეეწყვიტა მეჩეთში სიარული და არ ჰქონოდა ურთიერთობა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიასთან", — ვკითხულობთ TDI-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება პირველად 2016 წლის 27 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველისა და ვაგიფ აქპეროვის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

"ხუთი წლის განმავლობაში, გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით არ გატარებულა შესაბამისი ღონისძიებები და სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა [...] ვაგიფ აქპეროვი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულად, არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ხოლო გამოძიება კვლავ უშედეგოდ გრძელდება.", — აცხადებენ TDI-ში.

TDI-ს შეფასებით, ვაგიფ აქპეროვის საქმე ხელისუფლების არასეკულარული და დისკრიმინაციული რელიგიური პოლიტიკის მაგალითია.

21 მარტს მთავარ არხთან ინტერვიუში, სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ყვება, როგორ მოიპოვებდა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მათ შორის პოლიტიკოსების. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინტერვიუ 2019 წელს არის ჩაწერილი და რესპონდენტი უკვე დაკავებულია. მათი თქმით, ინტერვიუ ახლა, მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც TV პირველმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. ამ სიუჟეტშიც იგივე პირი, ივანე გულაშვილი ფიგურირებდა.