პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მორიგი ვიზიტი საქართველოში "უფრო მკაცრი და ხისტი" იქნება, რადგან მან დაინახა "როგორი ჯიუტები" გამოდგნენ ქართველები.

"მე მგონია, რომ ამჯერად ბევრად უფრო განსხვავებული დღის წესრიგი ექნება ბატონ დანიელსონს. მისი მედიატორობა, შეიძლება, კიდევ უფრო მკაცრიც და ხისტიც იყოს, გამომდინარე იქედან, რომ ხედავს ქართველები როგორი ჯიუტები გამოვდექით და არ გამოვდივართ ჩვენი პირადი ინტერესებიდან. აქედან გამომდინარე, უფრო ქმედით და შედეგიან მედიაციას ველი და მგონია, ეს შედეგს გამოიღებს.

პერსპექტივა რომ არ ჰქონდეს, არ ჩამოვიდოდა. რახან ჩამოდის, ნიშნავს, რომ ხედავს პერსპექტივას იმის, რომ აქ შეიძლება, პოზიციები იყოს დაახლოებული და საბოლოოდ, განიმუხტოს სიტუაცია", — თქვა მან.

22 მარტს შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდებოდა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, კომპრომისებზე წავსლის დროა. დანიელსონის ბოლო ვიზიტის დროს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.