ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერის ციხეში ყოფნა კარგის ნიშანი არაა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, ეს ქვეყნისთვის კარგის ნიშანი არ არის. თავად არჩეული პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, როგორ ხედავენ გზას მომავლისკენ", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გადაუხვევს, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალსაც დააზიანებს.

"ლიდერთა მიმართ ყურადღება დიდია იმის მიმართ, რაც თბილისში ხდება. ბევრ მინისტრს სურდა ამ საკითხზე საუბარი. ყველა ვთანხმდებით, რომ პრინციპები უმნიშვნელოვანესია. ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობაზე გადის. თუ საქართველო ამ გზას გადაუხვევს, დააზიანებს არა მხოლოდ ინტეგრაციის პროცესს, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს", — განაცხადა მან.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნიორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.