საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 21 მარტს მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტებისა და მარნეულის მცხოვრებლების მიერ 21:00 საათზე ე.წ. კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დარღვევის შემდეგ, ხელისუფლებამ აქტივისტებთან დაკავშირება და გამოკითხვაზე დაბარება აქტიურად დაიწყო.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ ის გარემოება, რომ საქმეთა დიდ ნაწილზე თვეების განმავლობაში გამოძიება არ მიმდინარეობდა და ის მხოლოდ 21 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ გააქტიურდა, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ სანქციებს მოქალაქეთა პროტესტის ჩასახშობად გამოიყენებს როგორც სადამსჯელო მექანიზმს.

"არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საბაბით ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არაკონსტიტუციურად ცდილობს, ამჯერად კი განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე გვაქვს მოქალაქეთა ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხესთან.

აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვლისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არათანმიმდევრული და მეტიც, დისკრიმინაციულია ეთინკური უმცირესობების მიმართ. მთავრობას შეეძლო ამ შემთხვევაში დაეწესებინა გამონაკლისი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია რეგულაციათა შემსუბუქება 2021 წლის 28 მარტს საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით და შეზღუდვები მოხსნილი იყო მაგალითად, პირველი იანვრის ღამითაც. ხაზგასასმელია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ხელისუფლებამ გამოავლინა მანამდეც, როდესაც მოხსნა გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის აღნიშვნის დღეს (7 იანვარს), თუმცა იგივე არ გააკეთა 25 დეკემბერს", — აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, საკუთარი მოქალაქეების მიმართ უთანასწორო მოპყრობა შეწყვიტოს და არ გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი მექანიზმები აქტივისტების წინააღმდეგ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • საფარი;
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia);
  • უფლებები საქართველო;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG);
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო.

ნოვრუზ ბაირამზე მარნეულში მოქალაქეთა ნაწილმა კომენდანტის საათი დაარღვია.

სამოქალაქო აქტივისტები კოცონის ირგვლივ ცეკვავდნენ და ტკბილეულს არიგებდნენ. ისინი ასე აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და პროტესტის ნიშნად კომენდანტის საათიც დაარღვიეს.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულმა თემმა პრემიერმინისტრს ე.წ. კომენდანტის საათის ერთი დღით გაუქმების თხოვნით მიმართა, მთავრობამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.