თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნალექიანი ამინდების შემთხვევაში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები. ამის შესახებ მან დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"წინა დღეების განმავლობაში ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარებში საუბარი იყო იმ ტიპის სამუშაოების შეჩერებაზე, რომელიც უშუალოდ ვიბრაციის გამომწვევია და შეიძლება გარკვეული სახის ზემოქმედება განეხორციელებინა მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა გუშინ გვქონდა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაცია და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნალექიანი ამინდების შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები", — თქვა მან.

17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.

გაიგეთ მეტი: