საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, პოზიციამ მოლაპარაკებები ჩაშალა და ევროკავშირმა, საპასუხოდ, მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განმეორებითი ვიზიტი დაუანონსა.

"ოპოზიციას, რომელმაც მოლაპარაკებები ჩაშალა, ეს საჯაროდ განაცხადა და სურდა, რომ ქუჩაში დაეწყო მოღვაწეობა, ევროკავშირმა, სიურპრიზის სახით, ბატონი დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დაუანონსა [...] ოპოზიციას მოუწევს შეთანხმებაზე საუბარი და შემდეგომ უკვე, ლოგიკურ და პრაგმატულ წინადადებებზე დათანხმება", — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ დანიელსონი კვლავ ჩამოდის საქართველოში, ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

"ბატონი კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის დაანონსება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებში ნამდვილად იყო ისეთი პრაგმატული შეთავაზებები და რესურსი, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა", — განაცხადა მაჭარაშვილმა.

გუშინ, 23 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვლავ ჩამოვა.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მან არაერთი შეხვდა გამართა თითოეულ პარტიასთან ინდივიდუალურად და ერთადაც. ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება ორჯერ გადადო იმ იმედით, რომ შეთანხმება შედგებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ბრიუსელში ისე გაემგზავრა, რომ მმართველ პარტია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ.

გაიგეთ მეტი: