ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა, კიმ ჩენ ნამი, მალაიზიაში მოკლეს. ინფორმაციას AP ავრცელებს.

სამხრეთ კორეული გამოცემის ინფორმაციით, კიმ ჩენ ნამი ორშაბათს მოკლეს. ოფიციალური პირები აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

45 წლის კიმ ჩენ ნამი ორმა უცნობმა აგენტმა ქალმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში მოწამლული ნემსებით მოკლეს. ამის შემდეგ, ისინი სასწრაფოდ ტაქსიში ჩასხდნენ და ადგილიდან მყისიერად გაუჩინარდნენ.

კიმ ჩენ ნამი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში ის დაიღუპა.

მალაიზიის აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, მათ არ იცოდნენ მისი ვინაობის შესახებ.

კიმ ჩენ ნამი ერთ დროს განიხილებოდა მისი მამის მემკვიდრედ, თუმცა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს იაპონიაში, დისნეილენდის მონახულების მიზნით, გაყალბებული პასპორტით მოგზაურობა სცადა, ეს შანსი დაკარგა. ამის შემდეგ, ის ქვეყნიდან გააძევეს და მაკაუში, ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

კიმ ჩენ ნამი უპირისპირდებოდა ჩრდილოეთ კორეაში არსებულ მმართველობის წესს და აცხადებდა, რომ მას ქვეყნის განვითარების განსხვავებული რეფორმა ჰქონდა.

კიმ ჩენ ინს ძალაუფლება მამის, კიმ ჩენ ირის, სიკვდილის შემდეგ, 2011 წელს, გადაეცა.

თუ მის მკვლელობაში ჩრდილო კორეის ხელისუფლების მონაწილეობა დადასტურდება, კიმ ჩენ ნამი მისი ნახევარძმის, კიმ ჩენ ინის რეჟიმის, უმაღლესი რანგის მსხვერპლი იქნება. 2013-ში კიმ ჩენ ინის რეჟიმმა ლიდერის ბიძა სიკვდილით დასაჯა.