5 მარტს საქართველოში პირველი ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა signify.ge ოფიციალურად გაეშვა.

ეს არის ვებ პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, გაგზავნონ და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს ელექტრონულად, პირდაპირ ბრაუზერიდან, ყოველგვარი დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის გარეშე. ამასთან, უზრუნველყოფილია მონაცემების დაცულობა და სამართლებრივი სიმყარე.

როგორც Signify-ს გუნდის წევრები აცხადებენ, პლატფორმამ გამოჩენისთანავე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში: "ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკვე გაშვებიდან პირველ 3 დღეში 100-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა ჩვენს პლატფორმაზე. ესენი არიან როგორც მსხვილი ორგანიზაციები, ისე — საშუალო და მცირე ზომის ბიზნესები. უკვე ორი აზრი არ არსებობს, რომ ქართული ბიზნესი ამისთვის მზად იყო და მსგავსი პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის მოლოდინი უკვე არსებობდა. ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ სტიმულს, გვქონდეს სრულყოფილი პროდუქტი, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს საქმიან ურთიერთობებს საქართველოში და ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ პროცესების გაციფრულების გზაზე", — აცხადებს კომპანია RockIT-ის დამფუძნებელი ზვიად წოწკოლაური.

Signify-ს კონცეფცია ეყრდნობა როგორც სტანდარტულ ელექტრონულ ხელმოწერას, ასევე კვალიფიციურსაც, რომელიც გულისხმობს ID ბარათის გამოყენებას და უკვე საკმაოდ ნაცნობია ქართველი მომხმარებლისთვის. სტანდარტული ელექტრონული ხელმოწერა არ მოითხოვს ID ბარათის გამოყენებას და ასევე სრულიად უსაფრთხო და ლეგალურია. ეს მიდგომა უკვე საკმაოდ პოპულარულია აშშ-სა და ევროკავშირში, რისი საუკეთესო მაგალითიცაა DocuSign.

Signify-ს გუნდი

ფოტო: Signify

ლეგალურობის კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობაც აღიარებს ელექტრონულ ხელმოწერას. მას გააჩნია იურიდიული ძალა და საკანონმდებლო კუთხით ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ მომხმარებელმა მშვიდად გამოიყენოს დოკუმენტების გაფორმების ელექტრონული ფორმა.

Signify-ზე მუშაობა სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული კანონმდებლობით ოფიციალურად დასაშვები გახდა ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება. მის შექმნაზე მუშაობდა ქართული კომპანია RockIT ბრიტანელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით. პლატფორმას გავლილი აქვს უსაფრთხოების სერტიფიცირების ყველა ეტაპი და აკმაყოფილებს როგორც ევროკავშირსა და აშშ-ში მოთხოვნილ უმაღლეს სტანდარტებს, ასევე — ადგილობრივ, სპეციფიკურ მოთხოვნებს.

ინფორმაცია ინახება Amazon ქლაუდ სერვერებზე (AWS Cloud), რომელიც განთავსებულია სტოკჰოლმის მონაცემთა ცენტრში. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ შვედეთის სამეფო განსაზღვრულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პერსონალური მონაცემების შენახვა სრულიად უსაფრთხოა.

"ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება ძალიან ამარტივებს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. ხელის მოწერა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ისე სმარტფონიდანაც, ნებისმიერ დროს, სასურველი ლოკაციიდან. მომხმარებლებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც Signify ძალიან დიდ ფასეულობას შექმნის. მაგალითად, ისეთი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც რეგულარულად საჭიროებენ ხელის მოწერას — მიღება-ჩაბარების აქტები, თანამშრომელთა ნამუშევარი საათების ანგარიშები, გაყიდვის კონტრაქტები, HR კონტრაქტები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში Signify-ს გამოყენება საკმაოდ ბევრ დროსა და ენერგიას დაუზოგავს ნებისმიერ ხელმომწერსა თუ კონტრაგენტს. სწორედ სიმარტივესა და სისწრაფეშია ამ პლატფორმის დიდი უპირატესობა", — განაცხადა Signify-ს Product Owner-მა დავით გაბრიჭიძემ.

ახლო მომავალში, Signify-ს გუნდში პროდუქტის გარშემო ბევრ საინტერესო სიახლეს აანონსებენ.