ქალთა მოძრაობა ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს და მოუწოდებს უწყებებს, რომ დაიწყონ გამოძება და გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა აღიკვეთოს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება. ამავდროულად, ორგანიაზცია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისაკენ.

"ჭვგარეშეა, რომ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას.

სამწუხაროდ, გვახსოვს არაერთი პოლიტიკურად აქტიური ქალის წინააღმდეგ განხორციელებული მორალური ტერორი და საჯარო ცხოვრებიდან განდევნის მცდელობა. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია", — წერია მათ განცხადებაში.

ანა დოლიძე მოითხოვს, რომ ივანე გულაშვილის ინტერვიუს საფუძველზე, მასზე შესაძლო მიყურადებისა და თვალთვალის საქმეზე გამოძიება დაიწყოს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს და მმართველ გუნდს მაქსიმალურად მოეთხოვება პასუხი.

საუბარია ინტერვიუზე, რომელშიც, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ანა დოლიძის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჩაწერეს. ივანე გულაშვილი ასევე ამბობს, რომ დავალებებს მხოლოდ შს მინისტრის მოადგილისგან, კახაბერ საბანაძისგან იღებდა. მთავარი არხის განცხადებით, ინტერვიუ 2019 წელს არის ჩაწერილი და რესპონდენტი უკვე დაკავებულია. მათი თქმით, ინტერვიუ ახლა, მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც TV პირველმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. ამ სიუჟეტშიც იგივე პირი, ივანე გულაშვილი ფიგურირებდა.

"ამ ჩვენებაში მოცემულია უსერიოზულესი ბრალდება საჯარო, ხელისუფლების კრიტიკოსი, აქტიური პოლიტიკოსის პირად ცხოვრებაში ჩარევასთან დაკავშირებით. გარანტიას ვაძლევ ქართულ ოცნებას, რომ ეს იქნება უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი გლობალური მასშტაბის, — განაცხადა დოლიძემ.

მთავარ არხთან საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ ინტერვიუში გულაშვილი თვალთვალის დაწყების თარიღად 2014 წელს ასახელებს, ამ დროს კი ის საქართველოში არ იმყოფებოდა. თუმცა, დოლიძე ამბობს იმასაც, რომ გულაშვილი აღწერს იმ ნივთებს, რომლებიც სახლში მართლა აქვს, ამიტომ ვარაუდობს, რომ საუბარი არა 2014, არამედ 2015 წელზეა.

დოლიძის განცხადებით, ამ ინტერვიუში ბევრი კითხვა არსებობს და აუცილებელია, რომ ისინი გამოძიებელი იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროკურატურის იმედი არ აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება შსს-ს, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.