ქართული ოცნების დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის განცადებით, "ფოტოს შეშლის გამო" თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომა "ძალიან ზედმეტია". ფორმულასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ თუ დავით სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა, საკმარისია. ამასთანავე, სამხარაძე ფიქრობს, რომ "დეპუტატის საქმე არ არის ვიღაცა რა პოსტს დადებს".

21 მარტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. დავით სუჯაშვილი აცხადებს, რომ მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული რუსი სამხედროს ფოტო ადმინისრატორის მიერ დაშვებული შეცდომაა. თუმცა, სუჯაშვილი აღნიშნავს, რომ მისი სახელით გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელი თავადაა და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს შეცდომა ერის შეურაცხყოფაა და სუჯაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მმართველ გუნდში კი ამას სამწუხარო შეცდომად აფასებენ.