კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გელათის რესტავრაციისას "სერიოზული ხარვეზები" დაუშვა ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

"მე, როგორც დეპუტატი, ახლა უკვე მინისტრი, იმიტომ, რომ ჩავიხედე საქმეში, ჩავიხედე დოკუმენტებში, ჩავიხედე პროექტში, მოვუსმინე ადამიანებს და ბევრ მათგანს, ნამდვილად ვთვლი, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს აქვს სერიოზული ხარვეზები დაშვებული გელათის რესტავრაციის პროცესში. ეს პროცესი დაიწყო 2008 წელს და დღემდე გრძელდებოდა.

ჩვენ მოგვიწევს ამ ხარვეზების გამოსწორება, რაც, სამწუხაროდ, დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ და ეს თანხები, მოგვიწევს, რომ ამ მწირი ბიუჯეტის პირობებში, სისტემამ გამონახოს, რაც, რბილად რომ ვთქვა, ტრაგიკულია", — განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.

გელათის რესტავრაციის პროცესში, პასუხისმგებელი უწყებების არაეფექტურ მუშაობასა და სისტემურ ხარვეზებზე რამდენიმე კვირის წინ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. მისი შეფასებით, ტაძრის რეაბილიტაციისას, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება, აქედან რამდენიმე კვირაში კი აღნიშნული დროებითი გადახურვაც დაზიანდა.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა. იქამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დეპუტატობამდე, 8 წლის განმავლობაში წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.

გაიგეთ მეტი: