კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სპორტული ფედერაციების დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისას, დასვამს ლეგიტიმურ კითხვებს.

"არის არაერთი ფედერაცია, ათეულობით, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო. აქ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები დაისმება, თუ როგორ არის ეს ფული დახარჯული ეფექტიანად და მიზნის მისაღწევად", — განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.

მისი თქმით, სამინისტროსა და ფედერაციებს შორის თამაშის წესები უნდა იყოს გაცხადებული. წულუკიანი დასძენს, რომ ფედერაციებს შეუძლიათ არ დაეთანხმონ სამინისტროს.

"თამაშის წესები, თუკი ამას შეიძლება ასე ვუწოდოთ, სამინისტროსა და ფედერაციებს შორის იყოს ნათელი, განცხადებული და სულაც არ არის სავალდებულო, რომ სამინისტროს მიერ გაცხადებულ წესებს ფედერაციები დაეთანხმონ, მაგრამ, სამინისტრო, რომელიც მათ აძლევს ფულს და აძლევს საკმაოდ დიდ თანხებს, ვალდებულია, რომ გააცხადოს, რა არის მისი ხედვა.

ჩვენი ხედვა აუცილებლად იქნება ის, რომ ჩვენ ფედერაციებს, დაფინანსების საკითხების გადაწყვეტისას, მივცემთ ასევე რჩევებს. მაგალითად, ფედერაციებში აუცილებელი გახდება, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ, აუცილებელი გახდება, რომ დაინერგოს ანტოკორუფციული მექანიზმები [...] იქ, სადაც ბევრი ფული იყრის თავს, იმ ორგანიზაციაში აუცილებელია, რომ იყოს ანტიკორუფციული მექანიზმი, მაგალითისთვის", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა. იქამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დეპუტატობამდე, 8 წლის განმავლობაში წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.

გაიგეთ მეტი: