ალბათ არაფერია ისეთი გამაღიზიანებელი, როგორც გზის გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. დამტვერილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, ფეხის გადაბრუნება, ორმოებზე მხიარული სტარტების მოწყობა და ბურღის მუდმივი ხმა — ასეთია იმ ხალხის ყოველდღიურობა, ვის ქუჩასაც, მათ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არემონტებენ.

ერთ-ერთი მათგანი ლუიზიანას შტატში მცხოვრები ნატალი ჰარვია. თუმცა, წუწუნის ნაცვლად, მან ორიგინალური გზა იპოვა იმაზე მისანიშნებლად, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

ნატალი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან ზუსტად ერთი წლისთავს ტორტით, ბუშტებით, სტუმრებითა და სახელდახელოდ ქუჩაში მოწყობილი ფოტოსესიით შეხვდა. დიახ, სწორად გაიგეთ — მან დაუსრულებელ სამუშაოებს დაბადების დღე გადაუხადა.

"დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი ქუჩის სამუშაოებს", — წერს ნატალი ფეისბუქზე, — "ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო ქუჩის გადათხრა, წლისთავზე კი ნახევარი ქუჩა ისევ დაუმთავრებელია. ეგ კი არა, წინა კვირას უზარმაზარი, ლამის ორი მეტრი სიღრმის ორმოც კი გვქონდა".

განსაკუთრებული იუბილეს აღსანიშნავად ნატალიმ ტორტზე ქუჩის პატარა მონაკვეთის მოდელიც დაიტანა.

მისი თქმით, გაჭიანურების მიზეზი ცალსახაა:

"მაგალითად, თუკი კვირაში ერთ დღეს იმუშავებენ, შემდეგ ორი-სამი კვირა აღარაფერს აკეთებენ. ბოლო რამდენიმე კვირაა, საქმეს ისევ მიხედეს, თუმცა, ვერ გაიგებ, როდის მიატოვებენ და მერე როდის მოკიდებენ ხელს ისევ", — დასძენს ნატალი.